დინამოს სამი ესპანელი

დღეს, საღამოს 9 საათზე, თბილისის დინამო ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ორჰეის მილსამის უმასპინძლებს. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დინამოს ხელმძღვანელობამ კლუბის სამი ესპანელი ლეგიონერი წარადგინა: ჩისკო მუნიოსმა, კარლეს კოტომ და ალბერტ იაგუემ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ჩვენ დიდი მიზნები დავისახეთ და გუნდსაც ამიტომ ვაძლიერებთ. დარწმუნებული ვარ, სამივე ფეხბურთელი შეძლებს ჩვენს კლუბში თავის გამოჩენას. ვიმედოვნებ, ისინი კლუბის ისტორიაში თავის კვალს დატოვებენ, - განაცხადა დინამოს მეპატრონემ რომან ფიფიამ.

ჩისკო 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იაგუე მე-19 ნომერი იქნება, კოტო კი 21-ე. იმის გამო, რომ უეფაში მათი დროული რეგისტრაცია ვერ მოხერხდა, ესპანელები დინამოს მილსამისთან მატჩებში ვერ დაეხმარებიან, თუმცა თუ კლუბმა მოლდოვური ბარიერი გადალახა, მათ ევროთასებზე თამაშის უფლება ექნებათ.

ორჰეის მილსამისთან ორ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში დინამოს მომდევნო მეტოქე უელსის ლანელი იქნება.

კომენტარები