რუსეთმა ბელორუსს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ბელორუსს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის მიზეზად რუსული მხარე ბელორუსის მიერ დავალიანების გადაუხდელობას ასახელებს. რუსული სახელწიფო კომპანიის, ”გაზპრომის” შვილობილმა კომპანია „ინტერ რაომ“ ბელორუსში ელექტროენერგიის იმპორტი გუშინ შუაღამისას სრულად შეწყვიტა. მინსკის დავალიანება ჯამში 1 მილიარდ 800 მილონი რუბლია (65 მილიონი დოლარი). ეს დავალიანება სამ თვეში - მარტიდან მაისის ჩათვლით დაგროვდა. ბელორუსის მიერ გადასახდელ თანხას ელექტროენერგიის საფასურის გარდა, ვადაგადაცილებულ გადასახადებზე პროცენტებიც დაემატა.  მარტის თვის დავალიანება  - 600 მილიონი რუბლი მინსკმა უკვე გადაიხადა.  თანხის მეორე ნაწილი - აპრილის დავალიანება  მოსკოვში სამშაბათს 19.30 საათზე უნდა გადარიცხულიყო. დანარჩენ 600 მილიონ რუბლს „ინტერ რაო“ 5 ივლისს ელოდება. „დავალიანება სრულად დაფარული არ არის. ამიტომ ჩვენ შევწყვიტეთ ელექტროენერგიის ექსპორტი ბელორუსში, თუმცა იმედი გვაქვს, რომ  კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება და ეს დროებითი პრობლემებია. ასევე გვესმის, რომ ამ  პრობლემების მოგვარება  არ არის დამოკიდებული  ჩვენს პარტნიორ „ბელენერგოზე“,” განაცხადა რუსულმა მხარემ.

ბელორუსის ეკონომიკის მინისტრმა, ნიკოლაი სნოპკოვმა განაცხადა, რომ „ინტერ რაოს“ მინსკი  დავალიანებას გადაუხდის, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის გააკეთებს ამას. მინისტრის თქმით, მომავალში ბელორუსი ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებას  ბაზარზე მისი ფასიდან გამომდინარე მიიღებს. ამასთან, ბელორუსი ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ  მომხმარებლები რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწვეტის გამო არ ზარალდებიან.  „ბელენოერგოს” მტკიცებით, რუსული ელექტროენერგიის  წილი ბელორუსში 12-15 პროცენტია  და ქვეყანას შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უკმარისობა საკუთარი ელექტროსადგურების დახმარებით დაფაროს.

სამშაბათს  რუსეთის ვიცე პრემიერმა, იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ ბელორუსსა და რუსულ ენერგოკომპანიას შორის დავაში პოლიტიკა არაფერ შუაშია. მისი თქმით, ეს ”აბსოლუტურად საბაზრო პროცესებია: ელექტროენერგიის სანაცვლოდ ფული უნდა გადაიხადო.”  

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ბელორუსის ენერგოკომპანიას  ”ინტერ რაოსთან” ვალის გასასტუმრებლად  საკმარისი რაოდენობის ბელორუსული ფული  აქვს, თუმცა ბირჟაზე ვალუტის შეძენა არ შეუძლია. უკვე მესამე თვეა ბელორუსში სავალუტო-ფინანსური კრიზისია. 

კომენტარები