
ფოტო: REUTERS
პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას და მისთვის ხმის უფლების მინიჭებას, ყველაზე მწვავედ ისრაელი ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი ამგვარ ქმედებას სტრატეგიულ საფრთხედ განიხილავს და მზადაა შესაბამისადაც იმოქმედოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამგვარი რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოები მხარეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუშლიან. ნეთანიაჰუს თქმით, დაბლოკილი სამშვიდობო პროცესის აღდგენა, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება. „პალესტინელები ფიქრობენ, რომ მათი მიმართვა გაეროში ზიანს მიაყენებს ისრაელს, მაგრამ საეჭვოა რამდენად დაეხმარება ეს მათ”, – განაცხადა ისრაელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
14 ივნისს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკი პალესტინაში ვიზიტით იმყოფებოდა. მან პრემიერ-მინისტრ სალიამ ფაიადთან შეხვედრის შემდეგ, პალესტინის მცდელობას „საშიში” და „უშედეგო” უწოდა. „მე შემიძლია გავიგო თქვენი პოზიცია, მაგრამ დამოუკიდებლობის აღიარებას აზრი ორმხრივი მოლაპარაკების პროცესის შემდეგ აქვს”, – განაცხადა ბუზეკმა. მან დასძინა, რომ აუცილებელია, პალესტინამ ებრაული სახელმწიფოს არსებობის უფლება აღიაროს და ისრაელთან მშვიდობიან თანაარსებობაზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ფოტო: REUTERS
გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდ აბასის ინიციატივას პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის შიგნითაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები. მათ შორისაა, პალესტინური მთავრობის მეთაური სალიამ ფაიადი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აბუ-ალა და აჰმედ ელ-კიდუა.
საყურადღებოა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არა იურიდიულად სავალდებულო, არამედ რეკომენდაციული ხასიათისაა. დამოუკიდებლობის იურიდიული გამოცხადების უფლება, არც გენერალურ ასამბლეას და არც უშიშროების საბჭოს არ აქვს.