ადვოკატის თქმით, მუბარაქს კუჭის სიმსივნე აქვს

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს კუჭის სიმსივნე აქვს. ამის შესახებ განცხადება მუბარაქის ადვოკატმა გააკეთა. 83 წლის მუბარაქი სასამართლოს წინაშე 3 აგვისტოს უნდა წარსდგეს. მას  გასულ თებერვალს ანტისამთავრობო აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების სიკვდილში მონაწილეობაში ედება ბრალი. გარდა ამისა, მუბარაქს 30-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. მუბარაქი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში მაისში მოხვდა. ის ამ დრომდე ჰოსპიტალში იმყოფება. მუბარაქის გარდა, მშვიდობიანი დემონსტრანტების სიკვდილთან დაკავშირებით ბრალი მის ვაჟებს, ალის და გამალსაც ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს და მის შვილებს შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანენ, იუწყება ტელეკომპანია BBC.

უცხოური მედიის ცნობით, მუბარაქის ადვოკატის დღევანდელ განცხადებას ქაიროში სკეპტიკურად შეხვდნენ. ეჭვი იმან გამოიწვია, რომ ადვოკატმა ჟურნალისტების ნაწილს აცნობა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სიმსივნე აღმოაჩნდა, მეორე ნაწილს კი უთხრა, რომ შესაძლოა მუბარაქს სიმსივნე ჰქონდეს. 

კომენტარები