ფატჰი და ჰამასი პალესტინის ერთიანი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

ორმა მთავარმა პალესტინურმა მოძრაობამ, ფატჰმა და ჰამასმა  ქაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულა. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციიით, მხარეებმა პალესტინის ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ერთობლივი მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ეგვიპტის დედაქალაქში მაისში დაიწყო. მთავრობის ჩამოყალიბების კონკრეტული დეტალების განხილვას ფატჰი და ჰამასი 21 ივნისისთვის დაასრულებენ, როცა ერთმანეთს ორი მოძრაობის ლიდერები - მაჰმუდ აბასი და ხალედ მაშაალი შეხვდებიან. 4 მაისს ფატჰისა და ჰამასის ხელმძღვანელებმა ქაიროში შერიგების პაქტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ფატჰის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ორმა წამყვანმა პალესტინურმა მოძრაობამ ამ ხელშეკრულებით ”დაპირისპირების შავი ფურცელი დახურა.” ექსპერტების თქმით, ფატჰისა და ჰამასის შერიგებ არაბულ ქვეყნებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ორი პალესტინური მოძრაობა ვერ თანხმდება, ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებაა.

რაც შეეხება ისრაელის ხელისუფლებას, ფატჰისა და ჰამასის შერიგებამ, მისი გაღიზიანება გამოიწვია. ”პალესტინის ავტონომიას არჩევანის გაკეთება მოუწევს  - ან მშვიდობა ისრაელთან, ან ჰამასი,” განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

კომენტარები