საფრანგეთის პარლამენტმა ერთსქესიან ქორწინებებს მხარი არ დაუჭირა

ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების შესახებ. სოციალისტი დეპუტატის,  პატრიკ ბლოშის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეროვნული კრების 222-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 293-მა დეპუტატმა კი კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრეები აცხადებენ, რომ საფრანგეთი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით გაცილებით ჩამორჩება ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, ბელგია და ნიდერლანდები. ამ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურია. საფრანგეთში ერთსქესიან წყვილებს მხოლოდ ე.წ. სამოქალაქო კავშირში ყოფნა შეუძლიათ.

წელს საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონები, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს შორის ქორწინებას კრძალავს, კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა პარლამენტის პრეროგატივაა.  

კომენტარები