აშშ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებზე მოსკოვის განცხადებას ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შავ ზღვაში ოდესისა და ნიკოლაევის ტერიტორიაზე 6 ივნისს ჩატარებულ აშშ-უკრაინის ერთობლივ სამხედრო სწავლება SeaBreeze-2011-თან  დაკავშირებით რუსეთის პრეტენზიებს არ გაითვალისწინებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ტონერის თქმით, რუსეთს უფლება აქვს საკუთარი აზრი გააჩნდეს.   „ჩვენ მისი მოსაზრების ანალიზს არ ვაპირებთ. აშშ-ს უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია და ეს სამხედრო სწავლებები ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ტარდება,” განაცხადა  ტონერმა. SeaBreeze-2011-ის ფარგლებში შავ ზღვაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო  კრეისერ „მონტერეის“ შესვლამ ოფიციალური მოსკოვის აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „რუსეთი უყურადღებოდ არ დატოვებს მის საზღვრებთან აშშ-ს სტარტეგიული ინფრასტრუქტურის ელემენტების გამოჩენას და  მსგავს ნაბიჯებს განიხილავს ქვეყნის უსაფრთხოების მუქარად.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ  აშშ-ს ეს ნაბიჯი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ „აშშ რუსეთის შეშფოთების იგნორირებას ახდენს  და ღიად ეწევა იმ რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაციის დემონსტრირებას, რომელსაც მოსკოვი ეწინააღმდეგება” . ლავროვის განცხადება გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა  გაავრცელა. 

კრეისერი „მონტერეი“ , რომელიც  2011 წლის მარტში ხმელთაშუა ზღვაში გაიგზავნა ევროპაში აშშ-ს რაკეტსაწინაარმდეგო სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. ვებ გვერდ rus.err.ee-ს ცნობით,  ხომალდი  არჭურვილია Aegis -ის ტიპის სისტემით, რომელიც ხომალდს საშუალებას აძლევს   190 კილომეტრის რადიუსში ერთდორულად 100 რაკეტა აღმოაჩინოს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, SeaBreeze -2011-ში უკრაინისა და აშშ საზღვაო -სამხედრო ძალების გარდა,  კიდევ 12 ქვეყნის: აზერბაიჯანის, საქართველოს, ალჟირის, ბელგიის, დიდ ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, კანადის, მაკედონიის, მოლდავეთის, ნიდერლანდებისა და თურქეთის სამხედრო ძალებიც მონაწილეობენ. 

კომენტარები