სავალუტო ფონდის დირექტორობისთვის ლაგარდი და კარსტენსი იბრძოლებენ

საერთშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ფონდის ახალი დირექტორის პოსტზე ორი კანდიდატი - საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი და მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აუგუსტინ კარსტენსი შეარჩია.

საერთშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ფონდის ახალი დირექტორის პოსტზე ორი კანდიდატი შეარჩია. სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობისთვის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი და მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, აუგუსტინ კარსტენსი იბრძოლებენ. რაც შეეხება ისრაელის ბანკის ხელმძღვანელს, სტენლი ფიშერს, მისი კანდიდატურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ასაკის გამო დაიწუნა. სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტზე ასაკის ლიმიტი 65 წელია, ხოლო ფიშერი 67 წლის არის.

”დირექტორთა საბჭო თითოეულ კანდიდატს ვაშინგტონში შეხვდება, ხოლო შემდეგ საბჭო შეიკრიბება, რათა კანდიდატთა ძლიერი მხარეები განიხილოს და არჩევანი გააკეთოს,” წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფონდის დირექტორი, დომინიკ სტროს-კანი სასტუმროს დამლაგებელი ქალის გაუპატიურების მცდელობაში სცნეს ეჭვმიტანილად. სტროს-კანი ნიუ იორკის პოლიციამ დააპატიმრა და მოგვიანებით 1 მილიონი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ფონდის ყოფილი დირექტორი პოლიციის ბრალდებებს უარყოფს.

კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნები, ხოლო აუგუსტინ კარსტენსის მიმართ მხარდაჭერა ლათინური ამერიკის ქვეყნების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს. სავალუტო ფონდის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჯერჯერობით ლაგარდი მიიჩნევა, ტუმცა ერთი პრობლემა, რამაც 55 წლის მინისტრს შესაძლოა ხელი შეუშალოს ის არის, რომ მას თანამდებობრივი უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლო ივლისის შუა რიცხვებში განიხილავს საკითხს, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ლაგარდი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.

კომენტარები