სანთლით საძებნელი ხორცი

ერთ კვირაზე მეტია, თბილისის აგრარულ ბაზრებსა და ხორცის მაღაზიებში საქონლის ხორცის დეფიციტია. მიზეზი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ინიციატივაა: საქონელი აუცილებლად თელეთისა და მუხრანის სასაკლაოებზე უნდა დაიკლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თბილისში რეალიზაცია აკრძალულია.

სპეციალურ სასაკლაოზე დაკლული ხორცის რეალიზაციის თაობაზე რეგულაცია პირველად შარშან ამოქმედდა. მის თანახმად, თბილისს ოთხი – ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალისა და ასპინძის – სასაკლაო ემსახურებოდა. რეგულაციის ამოქმედებისთანავე, ხორცზე ფასი 2-ჯერ გაიზარდა, თუმცა დეფიციტი არ მოჰყოლია. 

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო გაზრდილ ფასს, შარშანდელის მსგავსად, ისევ უსინდისო გადამყიდველებს აბრალებს. თბილისისთვის გამიზნული სასაკლაოების რაოდენობის განახევრებას კი – ხორცზე ფასების კონტროლის აუცილებლობით ხსნის. რა იგულისხმება ფასების კონტროლში, ამას სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში არ აკონკრეტებენ. 

არგუმენტი აბსურდულია. ფასის ასე გასაზრდელად, ყველა გადამყიდველს პირი უნდა შეეკრა, რადგან მომხმარებელი უბრალოდ უფრო იაფ ხორცს იყიდდა და ბაზარი ხორცზე ფასს თავისით დაასტაბილურებდა. სავალდებულო სასაკლაოების ორჯერ შემცირებამ კი, ბუნებრივია, ახალ სასაკლაოებზე მოთხოვნა გაზარდა. ამის გამო ხორცის დამუშავების ფასმაც მოიმატა. შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა გასაყიდი ხორცის ფასი.

თელეთისა და მუხრანის სასაკლაოებზე დაკლული და დამუშავებული საქონლის ღირებულება 10-12 ლარს აღწევს. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი. შესაბამისად, დახლზე მოთავსებული ხორცი 15-18 ლარი ღირს. მოვაჭრეთა აზრით, ამ პირობებში ხორცის თბილისში გაყიდვა აზრს ჰკარგავს.
ინფლაციის 14.3%-იანი მაჩვენებლის პირობებშიც, როცა მაისის თვეში ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასმა 23.3%-ით მოიმატა, ხორცი შარშანდელთან შედარებით, 1.7-ჯერ უფრო მეტად გაძვირდა. ეს, პირველ რიგში, სწორედ რეგულირების ხარჯზე მიუთითებს.

იმ პირობებში, როცა მთავრობა ინფლაციის შემცირებაზე ზრუნავს, მსგავსი რეგულაციები ფასებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. საქონლის ხორცის რაციონი, სხვა ხორცით რომც ჩანაცვლდეს, მაშინ ჩანაცვლებულ პროდუქტზე გაიზრდება მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც. ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეს აზარალებს.

შარშან სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეგულაციის საფუძველზე, ხორცის ფასი საშუალოდ 7 ლარიდან 13 ლარამდე გაიზარდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მოსახლეობას მაშინ ხორცზე მომატებული ფასის შემცირებას, მთავარი დამნაშავეების – გადამყიდველთა რგოლის მოშორებით, ანუ ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევით დაჰპირდა. მინისტრისვე განმარტებით, ხორცზე ფასები იმის ხარჯზეც შემცირდებოდა, რომ ყველაზე მსხვილი მოთამაშის, ნატახტარის სასაკლაოს მფლობელი კომპანია – იბერმით ჯორჯია – ახალ სასაკლაოებს და სუპერმარკეტების ქსელს გახსნიდა. ამ სუპერმარკეტებში ხორცის ღირებულება კი – სასაკლაოდან გამოტანილის ტოლი – მაქსიმუმ 8 ლარი იქნებოდა.
დღეს იბერმითის მაღაზიათა ქსელ იბერულაში ხორცის საშუალო ფასი 17 ლარი ანუ შეპირებულზე 2.1-ჯერ მეტია. ბუნებრივია, რომ მათთვის, ვისაც საკუთარი სასაკლაო არ აქვს, ხორცის გასაყიდად მომზადება მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, სხვა მაღაზიებში, ხორცი კიდევ უფრო ძვირი ღირს. 

საინტერესოა, რომ რეალურად პრობლემა სუფთა ადგილზე გაჩნდა. საქართველოში 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონის მიხედვით, სასაკლაოზე თუ მის გარეთ, საქონელი დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ მაინც მოწმდება. მის ვარგისიანობას სპეციალური დოკუმენტი – ფორმა 2 – ადასტურებს. დამატებითი რეგულაციების შემოღებამდე, არც ხორცით მოწამვლის განსაკუთრებული შემთხვევები ყოფილა, არც უხარისხო ხორცით მომჩივანი მოსახლეობის პროტესტი. არადა, სურსათის უვნებლობის სამსახური, რეგულაციების შემოღების მთავარ მიზეზად, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებდა.

ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომელიც ბაზარში მუშაობს, მოტივირებულია კარგი ხარისხის ხორცი გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მყიდველს დაკარგავს და დაზარალდება. მეორე მხრივ, ცენტრალიზებულად – მუხრანისა და თელეთის სასაკლაოზე, შემთხვევით, სანიტარული თუ რეგულირებით გათვალისწინებული სხვა ნორმები რომ ვერ დაიცვან, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დარტყმა გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.
ახალი რეგულაციის შემოღებას მოვაჭრეები უკვე აპროტესტებენ. ერთ-ერთი მოთხოვნა ხორცზე ზღვრული ფასების შემოღებაა, რაც ახალ რეგულაციებთან ერთად საბოლოოდ შექმნის  შავ ბაზარს: მეტი მოგების მისაღებად, მოვაჭრეთა უმეტესობა მაღაზიის ნაცვლად, ქუჩაში, ეზოში, კარდაკარ გადაინაცვლებს. ამ პროცესის გაკონტროლებას სურსათის უვნებლობის სამსახური უბრალოდ ვერ შეძლებს. ხორცის გასაღების მსგავსი სქემიდან კი, გამუდმებული დეფიციტების არცთუ შორეულ წარსულამდე აღარაფერი რჩება. 
 

კომენტარები