ანგელოზების მკვდარი ქალაქი

რონ არტესტი და კობი ბრაიანტი
REUTERS
რონ არტესტი და კობი ბრაიანტი
ფოტო: REUTERS
 ფილ ჯექსონმა რაღაც ვერ გათვალა. სადღაც შეცდომა მოუვიდა და თავის რანჩოზე, რამდენიმე ლაბრადორთან ერთად და ოჯახურ სითბოში გახვეული გაშიფრავს ყველაფერს. უნდა გაშიფროს და სანამ დაიწყებს, ამ ელეგანტურ კაცს გაეცინება. ოცი სეზონი. ოცი საინტერესო, მოტივაციასთან დაძმაკაცებული სეზონი და გაუგებარი სერია დალასთან. ლეიკერსი იდგა. დალასი მირბოდა და კობის ბანდა იდგა. ფილ ჯექსონი წავიდა და ელეგანტური არ უნდა დაბრუნდეს. დალასმა ლეიკერსს სერია 4:0, მეოთხე ტესტი კი სულაც 122:86 მოუგო.

ფრენკ ჰემბლენი გასახდელშია. ფრენკი ფილმა 15 წლის წინ ასისტენტად წაიყვანა და ფრენკი ფილისთვის ყველაზე სანდო ადამიანია. ფილის მეგობარმა კოკაინით ინჰალაცია ჩაიტარა? ფილი რჩევაზე ჰემბლენს ურეკავს. ფილის მეუღლემ სიზმარში შიშველი ბრიუს ბოუენი ნახა? ფილი რჩევაზე ჰემბლენს ურეკავს. ლეიკერსმა მოტივაცია ფლორიდის ღამის კლუბში დატოვა? ფილმა ჰემბლენს უნდა დაურეკოს. ფილი ყოველთვის ჰემბლენს ურეკავს. დალასთან სერიის მეოთხე გასაუბრების შემდეგ, ფილმა ფრენკს ვერ დაურეკა.

ფრენკი ეცნობა დალასთან მეოთხე ტესტის სტატისტიკას. გაცნობის პროცესი უსიამოვნო, გამაღიზიანებელია. ლეიკერსმა დალასს სამწამიანის ოფისის გასაღები ჩააბარა და 122 ქულა ააღებინა. ლეიკერსმა ვერ მოუგო დალასის მეორე ეშელონს. ჯეისონ ტერიმ, პეჟა სტოიაკოვიჩმა და კიდევ რამდენიმე საინტერესო ბიჭმა 86 ქულა შეკრეს. ამდენივე ქულა ჩაუშვა გაბზარულ ყულაბაში ლეიკერსმა. ის ყულაბა წელს რამდენჯერმე გატყდა.

ფილმა ვერ გაიგო, რა უნდა გაეგო პოლ გასოლს. პომ ვერ გაიგო, რა დაავალა მას ფილმა და რონ არტესტი მაგრად დაიბნა. რონი კალათბურთის სანტინო კორლეონეა – ჯერ აკეთებს და შემდეგ ფიქრობს. მას დალასთან არაფერი გაუკეთებია და როდესაც დაფიქრდა, ჯერ დაიბნა, შემდეგ შეეშინდა და სტეიპლს სენტრის გვირაბში შესული, ენდი გარსიას აეკრა, მარტო გასვლა მეშინია, მამიკო, გასახდელამდე მიმაცილეო.

მეოთხე ტესტის პირველი ორი მეოთხედი ელ ეის მოხუცმა ჰიტმენებმა 39:63 წააგეს. გასახდელში ფილმა ლუკა ბრაზის მეგობრობის დღიური გახსნა, დერეკ ფიშერს რამდენიმე იტალიური იგავი გააჟღერებინა და ლეიკერსი დაიქოქა. ორი წუთით დაიქოქა და ორ წუთში 4 ქულა აიღო. ლეიკერსმა ერთხელ დაიყვანა ჰანდიკაპი 19 ქულამდე და ფილმა ვალოკორდინის კოქტეილი ჯეკ ნიკოლსონს ათხოვა. ორ წუთში უკან გამოართვა. ორ წუთში დალასმა ფილის სეზონი და კარიერა დახურა.

დირკ ნოვიცკი
ფოტო: REUTERS
 ენდი ბერშტაინმა ვერ გაიგო, რა უნდა გადაეღო. ენდის მთელი ლიგა იცნობს. ენდის უშვებს გასახდელში უხასიათო კობი და ნორჩობაში, მილანის გეტოში მეკარე რომ იყო, იმ ამბებს უყვება. ენდიმ გადახვია ხელი კობის ცოლს და კობიმ ამას ყურადღება არ მიაქცია. კობი ენდის ენდობა და ენდი ლეიკერსს ენდობოდა. დალასთან სერიამდე ენდობოდა. ენდი ბერშტაინი 29 სეზონია, ლეიკერსის ფოტომოგონებებს აგროვებს. ამ სეზონში მოგონება დირკ ნოვიცკიმ მოიპარა, ჯეისონ კიდს ჩააბარა და კიდმა ტაისონ ჩენდლერს აუგდო. ჩენდლერმა მოგონება სტეიპლს სენტრის გასახდელში ჩარეცხა. ბერშტაინი დაიღალა და წავიდა. ლეიკერსი ბუნჩულა ფოტოგრაფის გარეშე დარჩა. ლეიკერსი ფილ ჯექსონის გარეშე დარჩა. ბერშტაინმა ფილს ბოლო მოგონება ვერ აჩუქა. ბერშტაინმა დირკ ნოვიცკის ბლანჟე გადაიღო და ლეიკერსის გასახდელში მიაპოსტერა.

ორი წლის წინ პო გასოლი შაკზე რეალური შაკი იყო. დალასთან პო იყო მეთიუ პონსელეტი ტიმ რობინსის თბილი რეკვიემიდან Dead Man Walking. შონ პენის პერსონაჟს რობინსი კლავს. პო გასოლი დირკ ნოვიცკიმ მოკლა.

დერეკ ფიშერი კობის მენტორია. დერეკ ფიშერი კობის სიამაყეა. დერეკ ფიშერი უკვე ისტორიაა. კობიმ ძმაკაცი, სიამაყე და ლეიკერსმა ყველაზე ქარიზმატული, ვოკალური ლიდერი დაკარგა. ფიშერი გახსნის მკითხავების ღამის კლუბს და ბისზე, ვუპი გოლდბერგს ტაროს კარტს გააშლევინებს.

ფილის ლეიკერსი ადრეც აგებდა. შემდეგ ფილი გასახდელში კარცერს ხსნიდა და იქ, დენი ტრეხოსთან ერთად მოტივაციის ლექციებს კითხულობდა. ბიჭები ისმენდნენ, ბიჭები ყველაფერს ითვისებდნენ და ბიჭები იგებდნენ.

დალასთან ლეიკერსი ვერ გაბრაზდა. მესამე ტესტში ფილმა მომთმენი, რბილი გასოლი ლამარ ოდომით შეცვალა. ოდომი სერიოზული ბიჭია და სხვა სერიოზულ ბიჭებს სულ უსრულებს. ოდომს ნოვიცკისთან უნდა შეესრულებინა. ოდომმა დირკზე ეგრევე ორი ფოლი დაირტყა და ფილმა ოდომი ეგრევე გასოლით შეცვალა.

ოდომს ლეიკერსისთვის ახალი სეზონი უნდა დაეწყო. ახალი სეზონი დაწყებამდე მორჩა. გასოლი ვერ გაბრაზდა. ესპანელ გენიოსს მაგრად გაუკვირდა, ფილმა რომ შეანჯღრია და ბიჭო, ცოტა აზრზე მოდიო, დაუყვირა. გასოლი აზრზე მოვიდა და დირკს ეგრევე 5 ქულა აჩუქა.

ჯექსონი მოგებულიც წავიდოდა. ჯექსონი უკეთ უნდა წასულიყო და ბიჭებმა ეს ვერ გაიგეს.

პო გასოლი და ტაისონ ჩენდლერი
ფოტო: REUTERS
 ვერ გაიგეს პასიურმა გასოლმა, ბალასტმა არტესტმა, უფუნქციო სტივი ბლეიქმა და ნიჭიერმა, ჯიუტმა და მოძველბიჭო ენდრიუ ბაინუმმა. ვერ გაიგო ფილ ჯექსონმაც. ფილის ყოველთვის ყველას ესმოდა. დენის როდმანი ვარჯიშებზე ფილს არ ელაპარაკებოდა, გასახდელში მარიხუანაში იწვა და ჯექსონი ხმას არ იღებდა. ჯექსონი როდმანს ენდობოდა. ჯექსონი ლეიკერსს ენდობოდა. ლეიკერსმა ეს ვერ გაიხსენა და დღესაც ჰგონია, რომ შემდეგ სეზონს მოქმედ ჩემპიონად დაიწყებს.

სასტარტო გდებამდე, წუთი საათზე ნელა გადის. საფინალო სირენის შემდეგ, საათი წუთზე სწრაფად იწვება. ყველაფერი ერთ ტევად ზურგჩანთაში ჩავა და იქ დარჩება. ტიტულები, მოგონებები, გატეხილი ძვლები, სისხლიანი ოფლსაწმენდები, ნაკერებიდან ამოსული ძაფები. იმ ზურგჩანთამ ფილ ჯექსონის დიდი კარიერაც მიიღო. იქვე, რედ აუერბახის მოგონებებთან მიაწვინა და უილი ნელსონის ხმით, ტკბილი ძილი უსურვა.

ფილი მიდის და სხვისი ტიტულების წამღები ტიპი გვენატრება. ბოლო ტიტრების ასვლის შემდეგ უფრო გვენატრება და პო გასოლთან მის ყველა დიალოგს ვიხსენებთ. რაც ვიცით და ვიცოდით, იმ დიალოგებს ვიხსენებთ.

ალბათ, ამასაც დამსახურება უნდა.

ანგელოზების ქალაქში ფერფლით წვიმს. იმ ფერფლმა ფილის კარიერა გადაფარა.

ფილი უკეთ უნდა წასულიყო.

კომენტარები