რაგბი: ტაიმის მოგება არასაკმარისი აღმოჩნდა

რუმინეთში IRB-ის ერთა თასი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქე სამხრეთ აფრიკის კინგზი იყო. ბორჯღალოსნებმა შეხვედრის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარეს - ჯერ ლაშა ხმალაძის გარღვევისა და ირაკლი ჩხიკვაძის ლელოთი დაწინაურდნენ 7:0 და ბესიკ ხამაშურიძის ლელოს შემდეგ შესვენებაზე ერთი ქულის უპირატესობითაც გავიდნენ - 14:13. აი, მეორე ტაიმში კი თავი იჩინა გუნდის შეუთამაშებლობამ, იმან, რომ ბორჯრალოსნებმა ერთად სულ სამი დღე ივარჯიშეს და დაცვითი თამაში დაულაგებელი იყო. ამას დაემატა უკანახაზელების უყურადღებობა, რომლებსაც მეტოქის მიერ დაკიდებული ბურთების აღება უჭირდათ. საბოლოოდ ეს ყველაფერი თამაშის შედეგზეც აისახა და მატჩი სამხრეთ აფრიკელთა გამარჯვებით 31:17 დასრულდა.

გუშინვე ბუქარესტში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. პორტუგალიის ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად არგენტინის იაგუარები დაამარცხა 25:21. მასპინძელმა რუმინელებმა კი ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი, ნამიბია წამოაქცია - 13:11. ახლა სატურნირო ცხრილს სწორედ ეს სამი გამარჯვებული ჩაუდგა სათავეში. ბოლო ადგილზე კი ბურთების ყველაზე ცუდი შეფარდების გამო საქართველოს ნაკრებია.

ბორჯღალოსნები მომდევნო თამაშში, პორტუგალიელების მიერ ძლეულ არგენტინელებს დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა 15 ივნისს ისევ ბუქარესტში გაიმართება.

კომენტარები