ელექტრონული ვაჭრობის რეფორმის ინიციატივა

 ბოლო წლებში, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრონული ვაჭრობა ყოველწლიურად 12%-ით იზრდება. გაყიდვებმა 3.2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ელვაჭრობის წარმატებისათვის, საერთო ვალუტაში ანგარიშსწორებასა და ტელეკომუნიკაციების სფეროს ლიბერალიზაციას, დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი კომპონენტი აშშ-საც გააჩნია და ევროკავშირსაც, ხოლო მეორე კომპონენტი ამ უკანასკნელის შემთხვევაში პრობლემურია. მის ფარგლებში დარეგისტრირებულ ბიზნესს, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ელექტრონულ ბაზარზე შესვლა 15 ათასი ევრო უჯდება. ეს თანხა მოიცავს იურიდიული მომსახურების, თარგმნისა და ოპერირების ხარჯებსაც. ამასთან, შეიძლება ბიზნესს სხვა წევრი სახელმწიფოს ბაზარი დაკეტილი დახვდეს, რადგან მისი ქვეყნის საკონტრაქტო კანონმდებლობა არ შეესაბამებოდეს იქაურ სტანდარტებს. უცხოური ბიზნესისთვის ხარჯი კიდევ უფრო მეტად იზრდება.

პოლონეთმა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 6-თვიანი თავმჯდომარეობის გამოყენება გადაწყვიტა. ქვეყანამ ელექტრონული ვაჭრობის რეფორმა წინა პლანზე წამოსწია. ამისათვის, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს ალტერნატიული კანონმდებლობის შექმნას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ელექტრონული ვაჭრობისთვის საერთო წესები შეიქმნება. ელექტრონული ვაჭრობის პროგრამა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოიწონა. მან განაცხადა, რომ ერთიანი სავაჭრო ბაზარი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირის ქვეყნებში კონკურენციას გაზრდის.

 ევროკავშირში ელექტრონული კომერციით დაკავებული ბიზნესების აზრით, პროგრამა ხელს შეუწყობს ელექტრონული ვაჭრობის წახალისებას. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შეიქმნება სეგმენტური ბარიერები (მაგალითად, მომხმარებელთა დაცვის მკაცრი წესები). შესაბამისად, ყველა ბიზნესს ექნება შანსი ევროკავშირის იმ ქვეყანაში აწარმოოს ვაჭრობა, რომელიც მისთვის უფრო მიმზიდველი იქნება.

ელექტრონული ვაჭრობა მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვისაც მომგებიანია. მომხმარებელს შეღავათიან ფასებში შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ინტერნეტ ბაზრის პროდუქცია 24 საათის განმავლობაში შეიძინოს. ბიზნესებს კი პოტენციური საბაზრო წილი ეზრდებათ, ეხსნებათ ბარიერები ბაზრებზე და რეკლამის ნაკლები ხარჯები აქვთ.

სხვადასხვა გათვლებით, ელექტრონული სარეკლამო მომსახურების საშუალოდ 80%-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამავე გათვლებით, ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიდერობას შეინარჩუნებს.

პოლონეთში ელექტრონულ კომერციას 3 მილიონ ევროზე მეტი ბრუნვა აქვს. ყველაზე მეტი – მთელი შეკვეთების 23.7% – წიგნებზე და მედიაზე მოდის, ყველაზე ნაკლები – მთელი შეკვეთების 1.8% – დელიკატესებზე.

საქართველოში მხოლოდ 300 ლარზე მეტი ღირებულების მქონე ამანათების ბრუნვას ითვლიან. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 8 თვის განმავლობაში ასეთი ამანათების რაოდენობამ 17 ათასს მიაღწია. მათი განბაჟების შედეგად, საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით შეივსო.

ეკონომიკური ფორუმის უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველო ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციის მიხედვით მაღალი კონკურენციის მქონე ქვეყნების (მათ შორის, მსოფლიოს ტოპ ცხრა ქვეყანა, ევროპის უმეტესი ქვეყნები, იაპონია) ჯგუფში შედის. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიხედვით ყველაზე აქტიური მთავრობაა. საქართველო ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიო 50-ეულშია. ამის უახლესი მაგალითია სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა, რომელიც 100%-ით ელექტრონულია. ასევე, ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის დანერგვა, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობაში იქნება განთავსებული. ამ ნოვაციით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა.

ელექტრონული ვაჭრობის 95% განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მთლიანი ვაჭრობის 90%-ზე მეტს ბიზნესებს შორის ვაჭრობა შეადგენს.

კომენტარები