Future Shorts საქართველოშია

  გახსოვთ გნარლს ბარკლის სიმღერაზე, Who’s Gonna Save My Soul, გადაღებული ვიდეო? – ბიჭი და გოგო კაფეში რომ ურთიერთობებს არკვევენ, ბიჭი გულს საგულედან ამოიღებს, თეფშზე დადებს და მალე ეს გული ფეხზე რომ დგება, ტუჩებს გამოიბამს, მიკროფონის ფუნქციით ხელში ბროკოლის იჭერს და რომ მღერის?

 და მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ობობა” თუ გახსოვთ?! ბიჭი და გოგო მანქანაში სხედან, გოგო – საჭესთანაა და საკმაოდ ცუდ ხასიათზე, ბიჭი კიდევ მის გამხიარულებას ცდილობს გზაში ნაყიდი ყვავილებით, ბარათით, შოკოლადებით... და პატარა ხელოვნური ობობით, რაც მთავარია...

და მოკლე, უდიალოგო და ძალიან კარგი ფილმი “შავი ხვრელი” გახსოვთ? – დაღლილი კაცი ოფისში რომ არის და გამალებით რაღაცებს რომ პრინტავს, უცებ ქაღალდზე გამოსახულ შავ წრეს რომ ამოპრინტავს და თანაც აღმოაჩენს, რომ ქაღალდზე ამობეჭდილი ეს უბრალო შავი წრე ნამდვილი ხვრელია, სადაც ხელის გაყოფაც შეგიძლია... მერე სეიფს რომ დაადებს ქაღალდს და რომ...

 ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც Future Shorts (“მომავლის მოკლემეტრაჟიანი ფილმები”) სთავაზობს კინომოყვარულებს, გონებამახვილური არტით გატაცებულებს, YouTube-ის მაყურებლებს და ყველას, ვინც ინოვაციებს გულშემატკივრობს. და სწორედ ეს Future Shorts არის საქართველოში!

Future Shorts ბრიტანული სადისტრიბუციო კინოლეიბლია – მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ანიმაციის, რომელმაც რვა წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ფილმების ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორია შექმნა მსოფლიოში და გახსნილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი, შემოქმედებითი რეპუტაციით სარგებლობს.

Future Shorts One მათი ახალი პროექტია, რომელიც ერთი და იმავე კინოპროგრამით ყოველი თვის ერთ საღამოს მსოფლიოს 20 ქვეყანაში და 60 ქალაქში ტარდება. 

ამ ქვეყნების ოფიციალურ სიას მაისში საქართველოც დაემატა, რითიც, ერთი მხრივ, ის გლობალური კულტურული ქსელის ნაწილი გახადა, მეორე მხრივ კი, მის ბინადრებს მისცა კიდევ ერთი ახალი შემოქმედებითი სტიმული და საშუალება, თავი საზღვრებს მიღმა მყოფ ფართო აუდიტორიას გააცნონ.

 ტრადიციული კინოფესტივალისაგან განსხვავებით, Future Shorts One არ არის მარტო კინოჩვენება. ეს შეგრძნებების მთელი დღესასწაულია, სადაც კინო ხვდება ცოცხალ მუსიკას, გამოფენებს, პერფორმანსებს, მოკლედ, ხელოვნების სხვადასხვა ფორმას. უბრალოდ, კინოპროგრამა ყველა ქვეყანაში ერთია, დანარჩენი კი – მუსიკა, გამოფენები და სხვ., ყველა ქვეყანაში სხვადასხვა.Future Shorts Georgia-ს სადებიუტო ღონისძიება უკვე ძალიან მალე, 28 მაისს, შაბათს, 20 საათზე, ლისის ტბაზე, Lisi Lounge-ში შედგება. დასწრება თავისუფალია: იპოვეთ Future Shorts Georgia ფეისბუქზე და დაადასტურეთ თქვენი სურვილი, რომ მიხვალთ. პროგრამით გათვალისწინებული რვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენების (რომელთა მოკლე მიმოხილვას წერილის ბოლოს ნახავთ) შემდეგ, თქვენ მოუსმენთ Me and My Monkey-ს ლაივ-კონცერტს, DJ ჟორჟიკას დი-ჯეი-სეტს, Exit-ის ლაივსა და დი-ჯეი-სეტს. ამ ყველაფრის ვიზუალურ ფონს თემო მაჭავარიანი გააკეთებს. და არის კიდევ ერთი ინტრიგა, ამ შემთხვევეაში დუეტის, Me and My Monkey-ს გულშემატკივრებისთვის: ჯგუფის ერთი წევრი, გაჩა ჯგუფიდან წავიდა, ჰოდა, ზუსტად 28 მაისის ამ საღამოს ტეტე ახალ, ჯერ გასაიდუმლობულ “მაიმუნთან” ერთად წარდგება.

ეს გართობის ნაწილს რაც შეეხება. ახლა საქმეზე გადავიდეთ და გავარკვიოთ, როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა: მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი Future Shorts-ის ქართულ წარმომადგენლებს უკავშირდება (ფეისბუქით მათი მოძებნა ძალიან ადვილია), ეს უკანასკნელები მას განაცხადის ფორმას უგზავნიან, ფილმის ავტორი მას ავსებს და, DVD-სთან ერთად (სადაც, ბუნებრივია, მისი ფილმია ჩაწერილი), მითითებულ მისამართზე აგზავნის. ქართული წარმომადგენლობა ნამუშევარს ლონდონში, Future Shorts-ის სათავო ოფისში აგზავნის, იქ განიხილავენ და დადებითი შეფასების შემთხვევაში, სვამენ კატალოგში, ფილმის ყოველი ჩვენებისას კი ავტორს ჰონორარს უგზავნიან. ფილმის ავტორი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასაკის და გამოცდილების შეიძლება იყოს – უკვე მოღვაწე და დამწყები რეჟისორი, უბრალო მოყვარული... ერთი ისაა, რომ ნამუშევარი 1 წუთზე მოკლე და 30 წუთზე გრძელი არ უნდა იყოს.

მოკლედ, მოემზადეთ: იქნება ეს სასიამოვნო მწვანე ივნისი, ცხელი აგვისტო, თუ თოვლიანი იანვარი, ყოველ თვეს Future Shorts Georgia ახალ-ახალ, ინტერაქციულ, გასართობ, საინტერესო, შთამაგონებულ საღამოებს მოაწყობს საქართველოს სხვადასხვა ადგილას. ის სტიმულს მისცემს კინოხელოვნების და ახალი მედიის განვითარებას საქართველოში და კინოს, თანამედროვე ხელოვნების და ზოგადად, სიახლეების მოყვარულებს საჩუქარს გაუკეთებს.

და იმედია, Future Shorts-ის ადგილობრივ ორგანიზატორებს, ყოველ მომდევნო თვეს, სათანადო ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ (რაც ამ ეტაპზე “სათანადო” ნამდვილად არ ყოფილა), რომ თუნდაც ადგილობრივი არტისტების პარალელურად მათი დასავლელი კოლეგების ჩამოყვანა შეძლონ და პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ.

ტაბულა კი ყოველ მომდევნო თვეს ეცდება, ამ ინოვაციური ფესტივალის შესახებ ცნობებით კარგად მოგამარაგოთ.

 
Future Shorts-ის მაისის ოფიციალური პროგრამა

 
უცნობი (EL EXTRAÑO) – რეჟ. ვიქტორ მორენო როდრიგესი/2009/ესპანეთი:

დოკუმენტური ფილმი ესპანეთის სოფლის ცხოვრებაზე.

           
ინციდენტი ბანკთან (INCIDENT BY A BANK) – რეჟ. რუბენ ოსტლუნდი/2009/შვედეთი:

ბანკის უშედეგო ძარცვის დეტალური და სასაცილო ისტორია. ფილმი ერთი სცენისაგან შედგება და ტექნოლოგიისა და ნარაციის ახლებურ ხედვას გვთავაზობს.

 
“მონოგრენადი” – ამ საღამოს (MONOGRENADE – CE SOIR) – რეჟ. კრისტოფერ კოლეტი/2009/კანადა

მუსიკალური ვიდეო მონრეალის ჯგუფისთვის “მონოგრენადი”, სადაც სტოპ-მოუშენის მეშვეობით მიტოვებული სახლი და მისი მოჩვენება-ბინადრები ცოცხლდებიან.

 
ელექტროგანათების გასაოცარი სამყარო (ELECTROLIGHT WONDERLAND) – რეჟ. სიუზანა უალინი/2009/დიდი ბრიტანეთი:

მზრუნველი მარტოხელა მამა ორი მოზარდი ვაჟის სურვილებსა და მოთხოვნილებებს ყურადღებით ეკიდება. ემპათიითა და დახვეწილი ვიზუალური ენით გაჯერებული, ფილმი ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე გვიამბობს.

 
ახალგაზრდობა (YOUTH) – რეჟ. ტომი პეტრონი/2010/აშშ:

ფილმი Future Shorts-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 16 წლის რეჟისორმა გადაიღო. თქვენ გელით დაუვიწყარი მოგზაურობა თინეიჯერთა ჯგუფთან ერთად.

 
გარგარი (APRICOT) – რეჟ. ბენ ბრიანდი/2009/ავსტრალია:

გახსოვთ პირველი სიყვარული? პირველი კოცნა?.. გახსოვთ...?

 
დერბი (DERBY) – რეჟ. ნეგოესკუ/2010/რუმინეთი:

ამბავი მამისა, რომელიც გრძნობს, რომ 15 წლის ქალიშვილზე კონტროლს ჰკარგავს მას მერე, რაც შეიტყობს, რომ გოგონამ, შესაძლოა, სქესობრივი ცხოვრება დაიწყო. ფილმი 2012 წლის ოსკარის ნომინაციისთვისაა შერჩეული.

 
დაკარგული არსება (THE LOST THING) – რეჟ. შაუნ ტანი და ენდრიუ რუემანი/2010/ავსტრალია:
 

ფილმი საბავშვო ბესტსელერზეა აგებული და გვიამბობს ბიჭის ისტორიას, რომელიც ზღვის ნაპირზე ბოთლების სახურავების შეგროვებისას უცნაური შესახედაობის არსებას აღმოაჩენს. 2011 წელს ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების ნომინაციაში ოსკარი აიღო.


კომენტარები