ბარსელონა VS მანჩესტერ იუნაიტედი

მეთერთმეტე წარმოდგენა

 28 მაისს ლონდონში, უემბლიზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გაირკვევა: ესპანეთის ბარსელონა ინგლისის მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.

ორივე გუნდი მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის: იუნაიტედმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო 1968, 1999 და 2008 წლებში მოიგო, ბარსელონამ კი 1992, 2006 და 2009 წლებში. 
 
უემბლიზე კარსმომდგარ პაექრობას ყველა უდიდესი ინტერესით ელის, ესპანელი და ინგლისელი ჟურნალისტები კი თავიანთი კლუბების პირველ ტრიუმფებს იხსენებენ: ორივემ ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ უემბლიზე აღმართა.
 
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პირველი კლუბი გახდა, კონტინენტის მთავარ გათამაშებაში რომ გაიმარჯვა. ოლდტრაფორდელებს იმ ფინალში ლისაბონის ბენფიკას დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდათ, საბოლოოდ კი 4:1 მოიგეს.
 
თუ მანჩესტერელებმა პირველივე ფინალი მოიგეს, ბარსელონა მწვერვალზე მესამე ცდით ავიდა: 1961 და 1986 წლებში წაგებული გადამწყვეტი მატჩების შემდეგ კატალონიელებმა 1992 წელს გაიხარეს. ინგლისელთა დარად, ესპანელებმაც დამატებით დროში უწიეს მიზანს – გენუის სამპდორიას ერთადერთი გოლი საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე გაუტანეს.
 
„სისულელეა, რომელიმე გუნდი ამ ფინალის ფავორიტად დავასახელო – ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი თანაბარი დონის არიან. ბრწყინვალე მატჩი გველის: მეტოქეებმა ორი კვირის წინ გაინაღდეს ჩემპიონობა და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო ჰქონდათ. გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, იუნაიტედის ყველა რგოლი კი თანაბარია... დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა თასს ღირსეული მფლობელი ეყოლება!” – ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელისთვის, ფაბიო კაპელოსთვის, ჩემპიონთა ლიგა კარგად ნაცნობი ტურნირია. 1994 წელს მისმა მილანმა ფინალში იოჰან კრუიფის ოცნების ბარსელონა გაანადგურა – 4:0.
 
უემბლიზე კაპელო საპატიო სტუმარი იქნება. სავარაუდოდ, იოჰან კრუიფიც: ბარსელონას ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ მან მოაგებინა. ლეგენდარული ჰოლანდიელი სეზონის მთავარ პაექრობას მწვრთნელების დუელს უწოდებს:
 
„გვარდიოლა შესანიშნავი ხელმძღვანელია და ეს მან უკვე დაამტკიცა, მისი ბარსელონა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძლიერია. იგივე ითქმის ფერგიუსონზეც, მან ოლდ ტრაფორდზე მთელი ეპოქა შექმნა. ფინალს ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, ეს კი მწვრთნელების დამსახურებაა! ბარსას კოზირი თავდასხმა და შემოქმედებითი ფეხბურთია, იუნაიტედი კი, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქისგან განსხვავებით ნაკლებად შთამბეჭდავია, მთლიანობაში ძალიან ძლიერია. ჩვენ ვერ ვხედავთ მესის ინგლისელთა შორის, მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ არც რუნის დარი ცენტრფორვარდი თამაშობს კამპ ნოუზე. ვინ მოიგებს? მე ბარსელონას ვგულშემატკივრობ!”
 
2009 წელს ამ გუნდებმა ერთხელ უკვე ითამაშეს ფინალში. ის დაპირისპირება, მარადიულმა ქალაქმა რომ უმასპინძლა, გვარდიოლას ბიჭებმა 2:0 მოიგეს. ხოსეპ გვარდიოლა გახდა მეექვსე, რომელმაც ჩემპიონთა თასი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და მწვრთნელის ამპლუაშიც. მანამდე ასეთი რამ მიგელ მუნიოსმა, ჯოვანი ტრაპატონიმ, იოჰან კრუიფმა, კარლო ანჩელოტიმ და ფრანკ რაიკაარდმა შეძლეს.
 
თუ მოხდა და ისევ ბარსელონამ გაიმარჯვა, გვარდიოლა იმ 16 მწვრთნელს შეუერთდება, რომლებმაც თასი ორჯერ აღმართეს. ასეთთა შორის ესპანელის მთავარი მეტოქე სერ ალექს ფერგიუსონიცაა, რომელსაც ლივერპულის ლეგენდარული დამრიგებლის, სერ ბობ პეისლის რეკორდის გამეორების ჩინებული შანსი აქვს: აქამდე მწვრთნელის რანგში ეს თასი სამჯერ მხოლოდ პეისლის მოუგია – 1977, 1978 და 1981 წლებში...
ოცი წლის წინ, 1991 წლის გაზაფხულზე, სერ ალექსმა მანჩესტერ იუნაიტედში თავისი პირველი ევროჯილდო მოიგო: თასების მფლობელთა თასის ფინალში ინგლისელებმა იოჰან კრუიფის ბარსელონა 2:1 დაამარცხეს. კატალონიელთა კარს იმ დღეს კარლეს ბუსკეტსი იცავდა, გვარდიოლას გუნდის ნახევარმცველის, სერხიოს მამა.
 
თასების თასის ის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედის და ბარსელონას რიგით მესამე ევროპაექრობა იყო, მათი გზები კი პირველად იმავე ტურნირის მეოთხედფინალში, 1984 წლის გაზაფხულზე გადაიკვეთა: კამპ ნოუზე ბარსამ 2:0 მოიგო, ოლდ ტრაფორდზე კი მასპინძლებმა იძალეს – 3:0.
მას შემდეგ ეს გუნდები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში ხვდებიან ერთმანეთს: 1994-95 წლების ჯგუფურ ტურნირში ბარსელონამ შინ 4:0 იმარჯვა, სტუმრად ფრედ – 2:2. 1998-99 წლების სეზონში, იგივე ეტაპზე ორივე დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა, 2008 წლის გაზაფხულზე კი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ფრანკ რაიკაარდის ბარსელონა ნახევარფინალში შეაჩერა: 0:0 კამპ ნოუზე და 1:0 ოლდ ტრაფორდზე.
ბოლო, მეათე პაექრობა რომის ფინალი იყო.
 
წინ მეთერთმეტე სპექტაკლია. ანშლაგი გარანტირებულია.
 
უემბლი პირველად, უემბლი მეექვსედ
 
1963 წელს მილანმა 2:1 მოუგო ბენფიკას.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა 4:1 შეარცხვინა ბენფიკა.
1971 წელს აიაქსმა 2:0 აკმარა პანათინაიკოსს.
1978 წელს ლივერპულმა 1:0 სძლია ბრიუგეს.
1992 წელს ბარსელონამ 1:0 დაამარცხა სამპდორია.
 
ჩემპიონთა თასის ამ ხუთ ფინალს ლონდონის უემბლიმ უმასპინძლა.
 
 28 მაისს ევროგრანდები კიდევ ერთხელ გავლენ ულამაზეს სტადიონზე, ტურნირის ისტორიაშიც ჩაიწერება, რომ უემბლი სარეკორდოდ, მეექვსედ უმასპინძლებს მთავარი ევროგათამაშების გადამწყვეტ მატჩს, მაგრამ ამ სტადიონზე უზომოდ შეყვარებულ ლონდონელთათვის კარსმომდგარი დაპირისპირება ათვლის ახალ წერტილად იქცევა.
 
რატომ? პასუხი მარტივია: ეს ის უემბლი აღარაა. რა თქმა უნდა, ეს უკეთესი უემბლია! თან, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ხომ პირველად სტუმრობს ამ უნაკლო სარბიელს – წინა ხუთივე დუელი ლიგამდელი იყო.
 
„ჩვენ მზად ვართ ზეიმისთვის! არ ვიცი, როგორ დასრულდება თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს ჩვენთან გატარებული საათები სამუდამოდ დაამახსოვრდებათ!” – უეფას გადაწყვეტილებით, წლევანდელი ფინალის ელჩი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერი იქნება.
 
ჩემპიონთა თასს სტადიონზე სწორედ ლინეკერი გამოიტანს, იმ წუთებში კი ტრიბუნები, სავარაუდოდ, სავსე იქნება: უეფამ ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედს 25-25 ათასი ბილეთი გადასცა, 11 ათასი ჯერ კიდევ 6 აპრილამდე გაყიდა, დარჩენილი 22 ათასი კი ტრადიციულად გადაანაწილა ოფიციალურ პირებზე, ტურნირის სპონსორებსა და გულშემატკივრებზე.
 
ბურთიც მზადაა: ადიდასმა სპეციალურად ამ მატჩისთვის უკვე დაამზადა ადიდას ფინალე ლონდონ, წითელი ვარსკვლავებით დამშვენებული თეთრი ბურთი.
 
უემბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალს ელის.
 
ჩემპიონთა თასის მფლობელი უემბლიზე მეექვსედ გაირკვევა. 

კომენტარები