რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, უმაროვი საქართველოშია

გაზეთმა  Московский Комсомолец-მა დღეს რუსეთის  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი, რომელზეც აშშ-მ რამდენიმე დღის წინ 5 მილიონანი ჯილდო დააწესა და მსოფლიო ტერორისტთა კატეგორიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა, კახეთში, ახმეტის რაიონში იმალება. წყაროს ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილია უმაროვის ზუსტი ადგილსამყოფელიც - ის სოფელ ომალოში იმალება. “იმ სოფელში, რომელიც კინოფილმ „მიმინოს“ კადრებში ჩანს,“ წერს გაზეთი.  

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ოფიციალურად არ ასახელებენ ადგილს, სადაც, დოკუ უმაროვი აფარებს თავს,  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა  იციან უმაროვის ადგილსამყოფელი.

ბასტრიკინმა ორიოდე დღის  წინ განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები „ატარებენ ყველა საჭირო ქმედებას მის დასაკავებლად ან სხვა ღონისძიებისთვის.“

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით,  დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში  რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ვაშინგტონმა  დოკუ უმაროვის  სახელი და გვარი  „მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელშეწყობის“ (Rewards for Justice) პროგრამაში ჩასვა  და ინფორმაციაზე, რომელიც მის დაჭერას შეუწყობს ხელს ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დოკუ უმაროვი Rewards for Justice-ის პროგრამაში საკუთარი მნიშვნელობით მესამე კატეგორიის დამნაშავედ იქცა. პირველ ადგილზე 25-მილიონიანი ჯილდოთი  ბინ ლადენის მოადგილე და აშშ-ს აზრით ალ-ყაიდას ახალ ხელმძღვანელი აიმან აზ-ზავაჰირია, ხოლო მეორე ადგილზეა ავღანელი თალიბების ლიდერი მულა ომარი. მასზე 10-მილიონიანი ჯილდოა დაწესებული.    

კომენტარები