”სახალხო კრება” შსს-ს ვიდეომასალას პროვოკაციად აფასებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული მასალა, რომელზეც, შსს-ს თქმით, ასახულია, თუ როგორ სთავაზობენ  მიტინგის მონაწილე ახალგაზდებს ფულს აქციაზე დგომის სანაცვლოდ. შსს-ს მტკიცებით, ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის ადამიანებს 10 ლარს უხდიან, ხოლო იმათ, ვინც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის - 50 ლარს. ვიდეომასალაზე ასახულ ყველა ადამიანს სახე დაფარული აქვს. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ჩანს, აცხადებს, რომ  მოლოტოვის კოქტეილების დამზადება უკვე მიმდინარეობს.

”სახალხო კრების” აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს და ”პროვოკაცია” უწოდეს. დემონსტრაციაზე შეკრებილ 2000-მდე ადამიანს, ”სახალხო კრების” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მიმართა. მან დემონსტრანტებს აქციაზე მომდევნო 13 საათის განმავლობაში დარჩენისკენ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს დემონსტრაციაზე მოსვლისკენ მოუწოდა. ”სახალხო კრების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”არ დაუშვებენ” რომ  ხვალ თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბაროს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 26 მაისის აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობის გადახედვას არ აპირებენ. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მმართველი პარტიის წევრებმა უპასუხოდ დატოვეს კითხვა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აქცია ხვალამდე არ დაიშლება.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კი რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. ხელკეტებით შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს და მათ ”პროვოკატორობაში” დასდეს ბრალი. ახალგაზრდა მამაკაცები, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეში მყოფებოდნენ.

კომენტარები