საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს სსფ-ს დირექტორობა სურს

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ის თავის კანდიდატურას წამოაყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოზიციაზე. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფონდის დირექტორი, დომინიკ სტროს-კანი სასტუმროს დამლაგებელი ქალის გაუპატიურების მცდელობაში სცნეს ეჭვმიტანილად. სტროს-კანი ნიუ იორკის პოლიციამ დააპატიმრა. მოგვიანებით ის 1 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა მან გადადგომის შესახებ განცხდება მაინც გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელ ძალებს თავის გამართლებას მოახმარს.

უცხოური მედიის ცნობით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის დანიშვნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტზე მხარს უჭერს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლება. თუმცა, ამ პოზიციაზე დანიშვნის სურვილი მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აუგუსტინ კარსტენსმაც გამოთქვა. თუმცა, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყველაზე რეალურ კანდიდატად, ჯერჯერობით, სწორედ ლაგარდი მიიჩნევა. ერთი პრობლემა, რამაც შეიძლება 55 წლის ლაგარდს ხელი შეუშალოს, ის არის, რომ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს თანამდებობრივი უფლებების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლო ივლისის შუა რიცხვებში გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა გამოძიება. თავად ლაგარდი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები