Amnesty International-მა ხოდორკოვსკი სინდისის პატიმრად კვლავ არ აღიარა

 ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა კიდევ ერთხელ უარი თქვა რუს საზოგადო მოღვაწეთა თხოვნაზე მიხაილ ხოდორკოვსკის სინდისის პატიმრად გამოცხადების შესახებ. ორგანიზაციას  45-მა ცნობილმა მეცნიერმა და პოლიტიკოსმა   მიმართა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხოდორკოვსკის პირველი განაჩენი გამოუტანეს.  Amnesty International-მა მიმართვის პასუხად განაცხადა, რომ „ორგანიზაცია სინდისის პატიმრად აღიარებს მხოლოდ ისეთ პატიმარს, რომელზეც სრულიად დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოა.“

„ორგანიზაციის მკაცრი წესები ავალდებულებას მას, გადაწყვეტილება ხანგრძლივი განხილვის შემდეგ გამოიტანოს, მითუმეტეს როდესაც საქმე თაღლითობას და გადასახადებისგან თავის არიდებას ეხება,“ ნათქვამია Amnesty International-ის პირველ წერილში.

რუსი საზოგადო მოღვაწეების მეორე წერილის პასუხად, Amnesty International-ი  აღნიშნავს, რომ „ორგანიზაცია სწავლობს სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე განაჩენზე“ და „გადახედავს საკუთარ პოზიციას  საქმის სააპელაციო განხილვისას“  ორგანიზაციის პოლიტიკის და პრინციპების გათვალისწინებით.  იმავე წერილში Amnesty International-ი აღიარებს, რომ მეორე სასამართლო პროცესს ხოდორკოვსკისა და ლებედევის წინააღმდეგ „მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი ჰქონდა“.

ფონდ „საჯაროობის დაცვის“ ხელმძღვანელმა ალექსეი სიმონოვმა, რომელიც Amnesty International-სთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია, განაცხადა, რომ  ორგანიზაციის პასუხმა ”იმედები გაუცრუა.”

კომენტარები