ცხინვალმა საქართველოს ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა. ოთხი მათგანი 18 მაისის ინციდენტის დროს დაკავებული პირია. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იუწყებიან.

მისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს სოფელ დვანში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართველი, რუსი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სწორედ ამ შეხვედრის დროს გაათავისუფლეს საქართველოს ხუთი მოქალაქე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ თავის განცხადებაში  18 მაისის ინციდენტი დაგმო. ”იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტის გარემოებები გაურკვეველი რჩება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ეცდება მოიპოვოს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა,” წერია  განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ოთხშაბათს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა ხუთ ადგილობრივ მცხოვრებს ცეცხლი გაუხსნეს და ორი მათგანი დაჭრეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 17 წლის მოსწავლე სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები