სტროს-კანი გადადგა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/bla%20bla%20bla.png##fbimage#
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, დომინიკ სტროს-კანი, რომელიც გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა. ფრანგი პოლიტიკოსის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტროს-კანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს უკვე აცნობა. ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულია სტროს-კანის განცხადება, რომელშიც წერია, რომ იძულებულია დატოვოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტი.
  
„ამ მომენტში მე პირველ რიგში საკუთარ მეუღლეზე ვფიქრობ, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, ასევე ჩემს შვილებზე, ოჯახსა და მეგობრებზე,“ წერს სტროს-კანი „მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარვყოფ. მინდა დავიცვა ორგანიზაცია, რომელსაც ღირსებით ვემსახურებოდი, და განსაკუთრებით მსურს მთელი ძალა, დრო და ენერგია დავუთმო ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.“

სტროს-კანი საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ყველაზე ძლიერ მეტოქედ ითვლებოდა. გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. თუმცა ბრალდების მხარე ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი შაბათს ნიუ იორკში დააკავეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელმა მას გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი. სტროს-კანს 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები