„რვიანი“ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების გადავადებას არ თანხმდება

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ რვიანს შორის  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული შეთანხმების ვადების გადადების წინააღმდეგ რვიანში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია გამოვიდა. მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა, ვადები შეიცვალოს. წინასწარ შეთანხმებული პროცედურის მიხედვით, ხელისუფლებამ ოპოზიციურ რვიანს საარჩევნო რეფორმის კომპრომისული ვარიანტი მაისის ბოლოს უნდა წარმოუდგინოს. დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  პრინციპული შეთანხმებისთვის მზად არიან. მათი თქმით, თუ ეს შეთანხმება ოფიციალურად მოგვიანებით გაფორმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.   თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სპეციალურად ამ საკითხის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების შედეგად უნდა შედგეს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ჯერ ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი პარლამენტში წარადგენენ.

 ალასანია „ქრისტიან დემოკრატების“ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრინციპული შეთანხმების ვადამ მაისიდან ივნისის დასაწყისში გადაიწიოს. „იმედი მაქვს, რომ  ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეყოფა გონიერება, რომ საზოგადოებას არ გაუცრუოს მოლოდინები,“ აღნიშნა ალასანიამ.

„ქართული პარტია“ და „სახალხო კრება“  კი უკვე ერთი თვეა მოუწოდებს  „რვიანს“ შეწყვიტოს „არაფრისმომცემი“ მოლაპარაკებები  ხელისუფლებასთან, „რომელიც არაფრის დათმობას არ აპირებს“ და მათ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდეს. აქციების დაწყებას „რევოლუციის მოწყობის მიზნით“ რადიკალური ოპოზიცია 21 მაისიდან გეგმავს.  

კომენტარები