ჩმილიტე ევროპის 2011 წლის ჩემპიონია!

თბილისში მიმდინარე ევროპის ქალთა საჭადრაკო ინდივიდუალურ ჩემპიონატზე უკვე გაირკვა ოქროს მედლის მფლობელი: ბოლო სათამაშო დღეს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტესა და რუსი სვეტლანა მატვეევას შეხვედრა სულ 10 წუთს გაგრძელდა. მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ და ამის შედეგად ჩმილიტე 9.0 ქულით მდევართათვის მიუწვდომელი გახდა რუს მოჭადრაკეს მოტივაცია დაკარგული ჰქონდა, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, გამარჯვების შემთხვევაშიც ვეღარ ერთვებოდა. შესაბამისად მეტოქეც აღარ აწვალა და ჩემპიონობაში ხელი აღარ შეუშალა.

ჯერ არ დაუსრულებიათ შეხვედრები ქართველთაგან საუკეთესოებს. ბოლო ტურის წინ, ბელა ხოტენაშვილსა და ლელა ჯავახიშვილს 7-7 ქულა აქვთ. თუმცა პირველი მათგანი ტურნირის რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, მეორე კი მეშვიდეზე. დღეს ხოტენაშვილი სლოვენიელ ანა მუზიჩუკს ეთამაშება, ჯავახიშვილი კი რუს ნადეჟდა კოსიცევას.

წლევანდელ ევროპირველობაზე მოჭადრაკეებისათვის თოთხმეტ საუკეთესოს შორის მოხვედრაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადგილები მომავალი მსოფლიო თასის საგზურებს იძლევა. ამის შანსს კი ზემოთ დასახელებული ორი ქართველის გარდა, სხვებიც ინარჩუნებენ. ერთდროულად, რამდენიმე მასპინძელს 6.5 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 12-24 ადგილებს ინაწილებენ. ესენი არიან ნაზი პაიკიძე (14), ნინო ხურციძე (16), სოფიკო ხუხაშვილი (21), ქეთი წაწალაშვილი (22).

კომენტარები