ქართველი ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩა

ევროპის ქალთა ინდივიდუალური საჭადრაკო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური დარჩა. თბილისში მიმდინარე ტურნირს ორხელისუფლებიანობის შემდეგ კვლავ ერთი ლიდერი ჰყავს. ჩვენდა სამწუხაროდ, ბელა ხოტენაშვილი დამარცხდა და შეჯიბრებას სათავეში 7.5 ქულით ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე ჩაუდგა.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს დაუპირისპირდა. ქართველმა მოთამაშემ, ამჯერად გამარჯვება ვეღარ მოახერხა და შეჯიბრებაზე პირველი შეხვედრა დათმო. ახლა ხოტენაშვილს 9 შესაძლებლიდან 6.5 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით მეექვსე ადგილს იკავებს. მისი დამმარცხებელი უკრაინელი კი 7 ქულით მეორე ადგილამდე აღზევდა. ასევე დასანანი მარცხი იწვნია ლელა ჯავახიშვილმა, რომელიც თეთრი ფიგურებით ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას ეთამაშა და წააგო.

ლიტველ ჩმილიტეს სამი მოჭადრაკე მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. ესენი არიან: უკრაინელი ლაჰნო, ბულგარელი სტეფანოვა და შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ერთმანეთის პირისპირ სწორედ ლიდერთა ოთხეულის წარმომადგენლები წარსდგებიან: ქეთევან არახამია-გრანტი თეთრი ფიგურებით ვიქტორია ჩმილიტეს ეთამაშება, ანტოანეტა სტეფანოვას მეტოქე კი კატერინა ლაჰნო იქნება. ფაქტობრივად ტურნირმა კულმინაციურ ნაწილს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრებს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა რუს ტატიანა კოსინცევასთან. ამ დროისათვის ორივე მათგანს 6.5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ერთმანეთის გვერდით იმყოფებიან. ჯერჯერობით ქართველი მოჭადრაკე ჩემპიონობის თეორიულ შანსს ისევ ინარჩუნებს.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა; 2504) – 7.5; 2. კატერინა ლაჰნო (უკრაინა; 2530) – 7.0; 3. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2506) – 7.0; 4. ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია; 2462) – 7.0; 5. ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2506) – 6.5; 6. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2470) – 6.5; 7. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი; 2559) – 6.5; 8. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი; 2567) – 6.5; 9. სვეტლანა მატვეევა (რუსეთი; 2380) – 6.5; 10. ევგენია ოვოდი (რუსეთი; 2404) – 6.5

კომენტარები