გაყრა შოტლანდიურად

5 მაისის შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნები სენსაციურად დასრულდა – შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე ნაციონალურმა პარტიამ გაიმარჯვა. მან 129 ადგილიდან 69 მიიღო, ერთი თვის წინ, რეიტინგით, ლეიბორისტულ პარტიას 10 პროცენტზე მეტით ჩამორჩებოდა. შოტლანდიის პარლამენტის 12-წლიანი არსებობის მანძილზე, უმრავლესობა არავის მოუპოვებია. კრახი განიცადეს ლეიბორისტებმა – სულ 37 ადგილი მიიღეს.

1980-იანი წლებიდან, შოტლანდია ლეიბორისტების რეგიონად ითვლებოდა, ახლა კი ვერც ახლანდელი ლიდერის, ედ მილიბენდისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის ვიზიტებმა უშველეს. პარტიის შოტლანდიური განშტოების ლიდერმა იან გრეიმ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ლეიბორისტებს უელსის არჩევნებში გამარჯვებით შეუძლიათ თავის ნუგეში, თუმცა 60-დან 30 ადგილი ერგოთ და უმრავლესობამდე ერთი ადგილი დააკლდათ. 
 
შოტლანდიური არჩევნები სახარბიელოდ არც კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატებისთვის დასრულებულა – შესაბამისად, 15 და 5 ადგილი მოიპოვეს. მწვანეებმა ორი ადგილის მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო. 
 
სეპარატისტული ძალების საარჩევნო წარმატებამ შოტლანდიის დამოუკიდებლობის იდეას ახალი სული შთაბერა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადჰყოფს, რომ ვითარება არც ისე ცალსახაა – ნაციონალური პარტიის პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო კლებულობს დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის მომხრეთა რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო, მის მთავარ საპროგრამო ამოცანას, შოტლანდიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, მხოლოდ ამომრჩეველთა მეოთხედზე ოდნავ მეტი უჭერს მხარს. ეს მაშინ, როცა ინგლისსა და უელსში ამომრჩეველთა 41% მიიჩნევს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, თავისი პრაგმატიზმით ცნობილი სალმონდი რეფერენდუმის გამართვას  2015 წლამდე არ ჩქარობს.  თეორიულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს
შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგის დაბლოკვა შეუძლია, მაგრამ რეალურად, მათ სურვილს წინ ვერ დაუდგება. 
 
შოტლანდიურ ნაციონალიზმს გრძელი ისტორია აქვს. ინგლისელი მეფეები კუნძულის გაერთიანებას მე-13 საუკუნიდან ცდილობდნენ.
 
ნაციონალიზმის გამოვლინებაა 1320 წლის არბროთის დეკლარაცია, რომლითაც მეფე რობერტ ბრიუსის დროს, შოტლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფო 1707 წლის კავშირის აქტით დაფუძნდა, დაშლის რეალური საფრთხის წინ კი მხოლოდ 1746 წელს, კალოდენის ბრძოლის წინ იდგა. თანამედროვე შოტლანდიური ნაციონალიზმი მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს. მის განვითარებაში რობერტ ბერნსმა და უოლტერ სკოტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. 1850-1934 წლები შოტლანდიური ნაციონალიზმის აღმავლობის ხანაა, რომელიც 1934 წელს, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის შექმნით დასრულდა. მიზანი შოტლანდიელთათვის ავტონომიის გაზრდა იყო, თუმცა 1934-1979 წლებში წარმატებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი მეორე მსოფლიო ომი, შემდგომი განახლების პერიოდი და ეკონომიკური განვითარება იყო. 1970-იანი წლებიდან შოტლანდიური ნაციონალიზმი ისევ აღმავლობის გზაზეა, რისი მიზეზებიც, ბრიტანეთის ეკონომიკური პრობლემები და ნავთობია. 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს. 1973 წელს მსოფლიოში ნავთობის კრიზისი დაიწყო – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ შავი ოქროს ფასი გააოთხმაგა. ნავთობი შოტლანდიელებისათვის ერთ-ერთ საკვანძო პოლიტიკურ ასპექტად იქცა. 1970 წელს შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებზე, შოტლანდიაში ხმათა 11% მოაგროვა. 1974 წელს, ნავთობის მსოფლიო კრიზისის შემდეგ კი – 30%-ზე მეტი მიიღო. 
 
1979 წელს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი გახდა. შოტლანდიის ეკონომიკა, 1970-იან წლებამდე, მძიმე მრეწველობაზე იყო დაფუძნებული. დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, ძლიერი იყო პროფკავშირები. თეტჩერმა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია მოახდინა და პროფკავშირები დაასუსტა. 1980-იანი წლების დასაწყისში, შოტლანდიაში გაიზარდა უმუშევრობა, მოსახლეობის უკმაყოფილებამაც იმატა. მართალია, თეტჩერის რეფორმებმა შოტლანდიას ეკონომიკური დივერსიფიკაცია და განვითარება მოუტანა, თეტჩერიზმი რეგიონში ყველაზე არასასურველ პოლიტიკურ ტერმინად იქცა. ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები ანტითეტჩერულ რიტორიკაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 2008 წელს, ალექს სალმონდს წამოსცდა, რომ მისი პარტია თეტჩერიზმის ეკონომიკური ასპექტების წინააღმდეგი არ იყო. სალმონდმა კონკურენტების რისხვის ასაცილებლად, მეორე დღესვე ერთ-ერთ რადიოგადაცემაში დარეკა და საკუთარი ნათქვამი შეასწორა. 
 
შოტლანდიის ნაციონალური პარტია კონსერვატიული და სოციალისტური იდეოლოგიების უცნაური ჰიბრიდია.
 
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ 50%-ზე მეტი ხმა მიიღო, შოტლანდიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, მხოლოდ ამომრჩეველთა მეოთხედზე ოდნავ მეტი უჭერს მხარს.
ანტითეტჩერიზმმა და ნავთობმა, შოტლანდია გაფართოებულ ავტონომიამდე მიიყვანა. ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა, 1997 წელს ტონი ბლერის პრემიერობის დროს გადაწყდა. 1999 წელს პირველი არჩევნებიც გაიმართა.  შოტლანდიელებმა საკუთარ რეგიონში განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე ექსკლუზიური უფლებები მიიღეს. თუმცა უფლებებისა და დაფინანსების პარალელურად, მათ პასუხისმგებლობები არ გადმოუბარებიათ. 2010 წელს ქვეყანამ ლონდონისგან 32 მილიარდი გირვანქის მოცულობის გრანტი მიიღო. შოტლანდიის საბიუჯეტო დეფიციტმა გასულ წელს 4 მილიარდი გირვანქა შეადგინა. 
 
შოტლანდიის მთავრობის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე 9,600 გირვანქას უდრის (უელსი – 9,200 და ჩრდილოეთ ირლანდია – 10,000), ეს გაერთიანებული სამეფოსა და ინგლისის საშუალო მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1,400 და 1,600 გირვანქით მეტია. ინგლისის შედარებით ღარიბ, ჩრდილოეთ რეგიონებში საჯარო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 8,100 გირვანქას უდრის. ლონდონისგან მიღებული ფინანსებით შოტლანდიას,  განათლებისა და სოციალურ სფეროებში დამატებითი სახელმწიფო პროგრამების გატარება შეუძლია. 
 
დეფიციტის საპასუხოდ კი შოტლანდიელებს ნავთობის არგუმენტი აქვთ – სალმონდი თვლის, რომ ბრიტანეთის ნავთობის ბიზნესისგან წილს არასამართლიანად იღებენ, თორემ ბიუჯეტს 600-მილიონიანი პროფიციტი ექნებოდა. თუმცა, გათვლები 2009 წლის მონაცემებზეა დაფუძნებული, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევდა. შოტლანდიის ბიუჯეტს დეფიციტი არ ემუქრება, თუ ნავთობის ფასი, ბარელზე, სულ მცირე, 120 დოლარი იქნება (2011 წლის მაისისთვის დაახლოებით 110 დოლარია). 
 
ამას გარდა, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის რეზერვები იწურება. 1999 წლისათვის ბრიტანეთი ნავთობის რიგით მე-6 მომპოვებელი იყო მსოფლიოში, ახლა კი მე-12 ადგილზეა. 1999 წელს ნავთობის მოპოვების პიკი იყო, დღეში 4.5 მილიონ ბარელ ნავთობს იღებდნენ, თუმცა მას შემდეგ პროდუქციამ 40%-ით იკლო. 
 
1970-იანი წლების შემდეგ, აღმოჩენილი მარაგის დაახლოებით ორი მესამედი უკვე გაიხარჯა (ოპტიმისტური გათვლებით, რეზერვები ჯამში 25 მილიარდ ბარელს აღწევს), დარჩენილი რესურსების მოპოვება კი, მათი ადგილმდებარეობისა და სხვა ბუნებრივი თუ ტექნოლოგიური მიზეზების გამო, გართულებულია. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდიას ნორვეგიად ქცევა არ ემუქრება. 
 
შოტლანდიელებს დამოუკიდებელ ქვეყნად ქცევაზე უფრო, მეტი უფლებამოსილებების მიღება უნდათ. ბოლო წლების მანძილზე, დამოუკიდებლობის საკითხი, ყველაზე პოპულარული 2007 წელს, რეგიონული არჩევნების წინ იყო. იანვრიდან მარტის ჩათვლით, დამოუკიდებლობას, გამოკითხულთა 40%-ზე მეტი ემხრობოდა. წლის ბოლოსთვის მათი რეიტინგი 30%-მდე დაეშვა. 
 
დამოუკიდებლობის სურვილზე უარყოფითი გავლენა 2009 წლის ფინანსურმა კრიზისმა მოახდინა. მაშინ ბრიტანეთის მთავრობამ შოტლანდიის სამეფო ბანკს, Lloyds-სა და HBOS-ს ჯამში 37 მილიარდი გირვანქა გამოუყო. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდიას ირლანდიისა და ისლანდიის მსგავსი საბანკო სექტორის კატასტროფა არ აცდებოდა. 
 
შოტლანდიელები იმედოვნებენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებით, ევროკავშირში პირდაპირ მოხვდებიან. თუმცა ბრიუსელის პოზიციის მიხედვით, ევროკავშირში გაერთიანებული სამეფო, შოტლანდიის გარეშე დარჩება, ამ უკანასკნელმა კი წევრობის განაცხადი თავიდან უნდა შეავსოს. მართალია, შოტლანდია ევროკავშირის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ გართულებული პროცედურების მიზეზით ლოდინი მოუწევს. საფრანგეთმა შოტლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა რეფერენდუმზე უნდა გაიტანოს, ესპანეთმა კი ბასკეთისა და კატალონიის გამო, შესაძლოა, საერთოდ დაბლოკოს. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდია სავარაუდოდ საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნება, თუმცა ბრიტანულ თანამეგობრობაში დარჩება. ოფიციალურად, ისევე როგორც კანადასა და ავსტრალიაში, სახელმწიფოს მეთაურად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩაითვლება, 
 
დამოუკიდებლობაზე მინიშნებებმა ლონდონში აურზაური გამოიწვია. კამერონის მრჩევლებს, შოტლანდიაში პრემიერის განსაკუთრებული ვიზიტის ორგანიზება სურთ. საუბრობენ კონსერვატორების პოლიტიკურ პროგრამაში მნიშვნელოვან ცვლილებებზეც. შესაძლებელია, რომ სალმონდი დამოუკიდებლობაზე აპელირებით, პოლიტიკურ ვაჭრობაში უპირატესობის მოპოვებასა და ლონდონიდან დამატებითი ფინანსების მიღებას ცდილობდეს. 
 
პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ არ სურს, გაერთიანებული სამეფოს  უკანასკნელი პრემიერი იყოს. რეალური პოლიტიკური ალტერნატივები საარჩევნო ეიფორიის გასვლის შემდეგ გამოჩნდება. კამერონსა და მის გუნდს კი ნებისმიერ შემთხვევაში მოუხდებათ მთელი თავიანთი პოლიტიკური გამოცდილების მოხმობა. პირველ რიგში, კონსერვატორებს შოტლანდიის პარლამენტში უმრავლესობის მქონე სალმონდის გაზრდილი ფინანსური მადის დაკმაყოფილება მოუწევთ. დამოუკიდებლობის საკითხი მათზე დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული
 

კომენტარები