ელიტარული სამხედრო შენაერთები

ამერიკული სპეცსამსახურების მიერ პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის განადგურება უკვე აღიარეს ერთ–ერთ სანიმუშო სპეცოპერაციად. სამხედრო შენაერთებს ყოველთვის ჰყავდათ ელიტარული ნაწილები, რომელთაც ურთულესი ოპერაციების შესასრულებლად იყენებდნენ. ამერიკულმა ჟურნალმა Time–მა მათგან 10 საუკეთესო დაასახელა.

ნეივი სილ (Navy Seal) სწორედ ის ქვედანაყოფია, რომელმაც ბინ ლადენის განადგურების ოპერაცია განახორციელა. შენაერთის სახელწოდება ინგლისურად სელაპს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ზღვის, ჰაერისა და ხმელეთის აბრევიატურას წარმოადგენს. სელაპების აუცილებლობა ჯონ კენედიმ შენიშნა 1961 წელს – ვიეტნამში თანდათან ღვივდებოდა კონფლიქტი, რომლის ესკალაციის შესაჩერებლად კი ჩვეულებრივი სამხედრო ტაქტიკა საკმარისი აღარ იყო. უკვე რამდენიმე წელიწადში სილ თიმ 6 უკვე აქტიურად მონაწილეობდა ვიეტნამის კონფლიქტში. ნებრასკელი სენატორი ბობ კერი 1966–1969 წლებში სილ თიმის რიგებში იბრძოდა ვიეტნამში. სელაპებს მას შემდეგ პრაქტიკულად არც ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტი არ გამოუტოვებიათ ამერიკის მონაწილეობით – ერაყის ორივე ომი, ბოსნია, ავღანეთი, ერაყი, აგრეთვე სტრატეგიული ოპერაციები გრენადასა და პანამაში. ბინ ლადენის მოკვლამდე ბოლო ცნობილი ოპერაცია სელაპებმა 2009 წელს ჩაატარეს, როდესაც სომალელი მეკობრეებისგან გემი გამოიხსნეს. სილ თიმ 6 პროფესიონალიზმის გარდა იმითაც არის ცნობილი, რომ გუნდში ჰყავთ ძაღლი, რომელმაც საკუთარი წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში პაკისტანში ჩატარებულ ოპერაციის დროსაც შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით გერმანული ნაგაზი არც სილ თიმის წევრების პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას გამოუტოვებიათ.

უკვდავები აქემენიდური სპარსეთის ელიტარული მეომრები იყვნენ. ისინი სამხედრო ოპერაციებში ჯერ კიდევ 2,600 წლის წინ იღებდნენ მონაწილეობას. სახელი ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ შეარქვა. სხვადასხვა წყაროებში ხშირად 10,000 უკვდავის სახელით მოიხსენიებიან, რადგანაც ბრძოლის დროს დაღუპულებს მაშინვე ცვლიდნენ ახალი რეკრუტებით ისე, რომ მათი რაოდენობა არ იკლებდა. სპარსეთის მულტიეთნიკური არმიისგან განსხვავებით, უკვდავები მხოლოდ ცენტრალური პროვინციებიდან იყვნენ. მათ ფერადი ტანსაცმელი ემოსათ და ქვეყანაში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ – უფლება ჰქონდათ საკუთარი მზარეულებისა და ჰარამხანის თანხლებით წასულიყვნენ ომში. მეოცე საუკუნეში ირანის შაჰმა უკვდავთა სახელოვანი წარსულის აღდგენა განიზრახა და 1940–იან წლებში ჩამოაყალიბა ჯავიდანთა (სპარსულად ნიშნავს უკვდავს) გვარდია. თუმცა თანამედროვე უკვდავებმა შაჰი 1979 წლის ისლამური რევოლუციისგან ვერ იხსნეს.

გურკჰები ბრიტანეთის არმიის ნეპალელი მეომრები არიან. ბრიტანეთის სამხედრო სისტემაში გურკჰები 1815 წლიდან ჩაეწერნენ, როდესაც ისტ ინდოეთის კომპანიამ ისინი საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ახლად კოლონიზებულ ტერიტორიებზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად  მიიღო. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, გურკჰების სამხედრო ქვედანაყოფები ბრიტანეთის ერთგულნი დარჩნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ფოლკლენდის, ერაყის ორივე და ავღანეთის ომებში, ბოსნიაში კი გაეროს სამშვიდობო მისიით იმყოფებოდნენ. გავრცელებული გამონათქვამის მიხედვით, თუ ადამიანს სიკვდილის არ ეშინია, ის ან ტყუის ან არის გურკჰა. დღემდე ყველა გურკჰა მეომარს აქვს საკუთარი ასაკის კუკრი, მოღუნული სატევარი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ჰოსპიტალერმა რაინდებმა  საკუთარი სახელი რელიგიური ოდენისგან მიიღეს, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს წმინდა მიწაზე დაჭრილ და დაავადებულ ქრისტიან პილიგრიმებს უვლიდნენ. ჰოსპიტალერი რაინდები მძიმედ იყვნენ აღჭურვილნი და ფარზე გამოსახული შავი ან ვერცხლისფერი ჯვრით გამოირჩეოდნენ. ისინი წლების მანძილზე აწარმობდნენ ომებს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა კუნძლ მალტასთან უფრო არიან ასოცირებულნი. 1565 წელს იმ დროისათვის უძლეველად მიჩნეულმა ოსმალთა არმიამ სცადა კუნძულის აღება, თუმცა ხუთ თვიანმა გააფთრებულმა სამხედრო დაპირისპირებამ ჰოსპიტალერებს გამარჯვება მოუტანა და საბოლოოდ გაამყარა მათი რეპუტაცია სამხედრო ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალერთა, იგივე მალტის ორდენი ახლაც არსებობს.

ფოტო: REUTERS
Special Air Service
SAS (Special Air Service) ბრიტანული ელიტარული ქვედანაყოფის სახელმწოდებაა, რომელიც 1940–იან წლებში შეიქმნა ლიბიაში. მისი მიზანი ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანელთა და იტალიელთა ზურგში მოქმედება იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი. SAS–მა ნაცისტების ასობით თვითმფრინავი გაანადგურა და უამრავი ტყვე გაათავისუფლა. მათ სცადეს ჩრდილოეთ აფრიკაში ნაცისტური გერმანიის ძალების მეთაურის, ფელდმარშალ ერვინ რომელის გატაცება, თუმცა უშედეგოდ. SAS–ის ყველაზე ცნობილი სპეცოპერაცია 1980 წელს ლონდონში ირანის საელჩოს გათავისუფლებაა ირანელი არაბი სეპარატისტებისგან. მსოფლიოს კონფლიქტურ რეგიონებში მძევლების გადარჩენისა და თავდამსხმელების გაუვნებელყოფისთვის ყველაზე ხშირად SAS იგზავნება. მას და მის დევიზს, გამბედავები იმარჯვებენ, თანამედროვე პოპ–კულტურაში საკუთარი ადგილი უჭირავს.

მწვანე ბერეტები, რომელთაც მწვანის გარდა სხვა ფერის ბერეტიც შეიძლება ეხუროთ, ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველაზე ელიტარულ სპეცდანაყოფებს წარმოადგენს. მათი ისტორია 1952 წლიდან იწყება და სპეციალიზაცია ამბოხებულებისა და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებაა. მწვანე ბერეტები ოპერაციებს მსოფლიოს მრავალ წერტილში ახორციელებდნენ, მათ შორის ვიეტნამელი პარტიზანებისა და კოლუმბიელი ნარკობარონების წინააღმდეგ. მათი დევიზია თავისუფლება ჩაგრულებს. გარდა სამხედრო კვალიფიკაციისა, ისინი ფლობენ უცხო ენებს, მაღალ დონეზე იციან ადგილობრივი კულტურული და პოლიტიკური თავისებურებები, აქვთ განათლება დიპლომატიასა და ფსიქოლოგიაში. ამჟამად მწვანე ბერეტები ავღანეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს წვრთიან, რათა ამ უკანასკნელთ შეეძლოთ საკუთარი ქვეყნის გაკონტროლება.

ვარანგები, გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ვიკინგ მოგზაურთა შთამომავლები არიან და დღევანდელი უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ტეროტორიაზე გამავალი მდინარეების აუზებში სახლობდნენ. საკუთარი შეუპოვრობისა და სიმამაცის გამო ვარანგები ხმელთაშუა ზღვია აუზში ერთ–ერთ საუკეთესო მეომრებად ითვლებოდნენ და სხვადასხვა სახელმწიფოების არმიაში დაქირავებულ მებრძოლებად ირიცხებოდნენ. მე–11 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ვარანგებისგან პირადი გვარდია შექმნა. იმპერატორი არ ენდობოდა ბერძნებს, რომლებიც შესაძლოა კონსტანტინოპოლის მუხანათური ინტრიგებისა და ორგული ფეოდალების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე ვარანგები ბიზანტიის არმიის ელიტაში იყვნენ. ისინი მძიმედ იყვნენ შეიარაღებულნი და ბრძოლის დროს იყენებდნენ დიდ საომარ ნაჯახებს. იმ დროის სკანდინავიურ ისტორიულ ჩანაწერებში ჩანს, რომ მრავალი ადგილობრივი ტოვებდა სამშობლოს, რათა ბერძნებს შორის ებრძოლა და დაღუპულიყო. მსგავსად რომაული პრეტორიელებისა, ვარანგების მზე იმპერიის დასუსტებასთან ერთად ჩაესვენა.

ასასინები რომელიმე არმიის ელიტარულ ქვედანაყოფს არ წარმოადგენდნენ. ისინი შიიტ ისმაილიტთა სექტის წევრები იყვნენ, რომელთა სამხედრო ხელოვნებამ ზენიტს მე–12–მე–13 საუკუნეებში მიაღწია. სექტა უპირისპირდებოდა როგორც ლევანტის ნაპირებზე (დღევანდელი სირიის, ლიბანისა და ისრაელის სანაპიროები) გადმომსხდარ ჯვაროსნებს, ისე ცენტრალური აზიიდან შემოჭრილ თურქებს, რომლებიც ნელ–ნელა მთელს ახლო აღმოსავლეთს დაეპატრონნენ. ასასინები ჰაშიშინების სახელითაც არიან ცნობილი, რომლებიც ერთი ვერსიით, გარკვეული რიტუალების დროს ჰაშიშის გამოყენების გამო შეარქვეს. ასასინების ორდენის დაარსება ჰასან–ი–საბაჰის სახელს უკავშირდება, რომელმაც მისი მთავარი ბაზა, ალამუტის ციხესიმაგრეც აღმართა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. დღევანდელი ჩრდილო–დასავლეთ სირიის ტერიტორიაზე ასასინებს საკუთარი სახელმწიფოც ჰქონდათ, რომლის სიძლიერე სტრატეგიულ ადგილებზე მდებარე გამაგრებულ ციხე–სიმაგრეებზე იყო დაფუძნებული. ასასინები ცნობილი არიან, როგორც შესანიშნავი მკვლელები. ისინი ათწლეულების მანძილზე მალულად იჭრებოდნენ პოლიტიკური ოპონენტების სამხედრო ბანაკებსა თუ სასახლეებში და კლავდნენ მათ მოღუნული, ცალლესული სატევრით. თანამედროვე ევროპულ ენებში სიტყვა ასასინი, რომელიც მკვლელს ნიშნავს, სწორედ ორდენის სახელწოდებიდან მოდის.

ისრაელის სპეციალური ძალები (Israeli Special Forces) 1948 წელს დაარსდა, როგორც სპეციალური სადაზვერვო ოცეული, დღესდღეობით კი აერთიანებს კონტრტერორისტულ, ანტიტერორისტულ და სადაზვერვო ქვედანაყოფებს. ისინი ისრაელის თავდაცვის უპირველეს ხაზს წარმოადგენენ. მათ შემადგენელ რაზმებს განსხვავებული სახელები აქვთ, მაგალითად ღამურები, ფრთიანი გველები და მფრინავი ვეფხვები. ისინი მონაწილეობდნენ საიდუმლო ოპერაციებში, როგორც ისრაელის ტეროტორიაზე, ისე უცხოეთში. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაცია, კოდური სახელწოდებით ენტებე, 1976 წელს განახორციელეს, როდესაც პალესტინელი ტერორისტებისგან გამოიხსნეს თელ–ავივიდან გატაცებული და უგანდის ქალაქ ენტებეში დასმული თვითმფრინავი. ისრაელის სპეციალურმა ძალებმა 2010 წელს შეაჩერეს თურქული გემი მავი მარმარა, რომელიც ბლოკადის გარღვევას და ღაზის სექტორში შესვლას ცდილობდა. ოპერაციას გემის ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა და ფართო საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შიდა გამოძიების ჩატარების შემდეგ დაასკვნა, რომ მათმა სპეციალურმა ძალებმა თავდაცვის მიზნით გახსნეს საპასუხო ცეცხლი, შესაბამისად მათ მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაღვეულა.

იაგუარი მეომრები აცტეკთა ელიტარული სამხედრო ერთეულები იყვნენ და მათ საზოგადოებაში დაახლოებით ისეთივე ადგილი ეკავათ, როგორიც რაინდებს ევროპაში. მათ მეტალის აბჯრის ნაცვლად, მხეცის ძვირფასი, მიმზიდველი და ამავე დროს შიშის მომგვრელი ბეწვეული ემოსათ. ხმლის ან შუბის ნაცვლად კი ნახაჯს ან ობსიდიანის წამახულნაჭრებიან ხელკეტებს იყენებდნენ. იაგუარ მეომრებს აცტეკთა პოლიტიკურ იერარქიაშიც მაღალი ადგილი ეჭირათ. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ ესპანელ კონკისტადორთა წინააღმდეგ, მაგრამ ევროპელთა ცეცხლსასროლ იარაღთან ვერაფერს გახდნენ.

 

კომენტარები