ჭადრაკი: თბილისური ევროპირველობის ბევრი ლიდერი

თბილისში მიმდინარე ევროპის ქალთა ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატზე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ტურნირის დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა, შეჯიბრებას კი ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს.

მეექვსე ტურის შეხვედრაში, მანამდე დაუმარცხებელი ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვასთან დამარცხდა. წინა დღის სენსაციის ავტორს, ნაზი პაიკიძეს, ჯერჯერობით საუკეთესოდ მიმავალმა ქართველმა, ბელა ხოტენაშვილმა სძლია. მასთან ერთად ათეულში ამ წუთისათვის კიდევ ერთი მასპინძელი, ლელა ჯავახიშვილია, რომელმაც, თავის მხრივ, სომეხ ლილიტ გალოიანს აჯობა. 
ორივე ქართველ მოჭადრაკეს ექვსი შესაძლებლიდან ხუთი ქულა აქვს. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს პირველ ადგილზე მყოფ ჩმილიტესაც, უბრალოდ, ეს უკანასკნელი, ქართველებს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. 
 
ლიტველისა და ქართველების მსგავსად, ხუთი ქულა კიდევ ოთხ მოჭადრაკეს აქვს. თუმცა იმავე დამატებითი მაჩვენებლების ხარჯზე, ხოტენაშვილს მეოთხე ადგილი უკავია, ჯავახიშვილს კი - მეექვსე.
 
ამათ გარდა, ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით  კიდევ ხუთი ქართველი მოჭადრაკე ჩამორჩება - ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, ნანა ძაგნიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე. მათგან საუკეთესო პაიკიძე მეთხუთმეტე ადგილზეა, ყველაზე უკან მყოფი მიქაძე კი 29-ე. ეს ყველაფერი ისევ და ისევ დამატებითი მაჩვენებლების გამო ხდება.
 
საერთოდ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დარჩენილი ხუთი ტური ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და ფინიშიკენ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. რეალურად, ევროპის ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო და დაძაბული ნაწილი ახლა იწყება.
 
სატურნირო მდგომარეობა: 1. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა; 2504) – 5.0; 2. კატერინა ლაჰნო (უკრაინა; 2530) – 5.0; 3. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარელი;
2506) – 5.0; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2470) – 5.0; 5. პია კრამპლინგი (შვედეთი; 2468) – 5.0; 6. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2454) – 5.0; 7. მარინა რომანკო (რუსეთი; 2387) – 5.0; 8. ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2506) – 4.5; 9. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი; 2559) – 4.5; 10. ანა მუზიჩუკი (სლოვენია; 2537) – 4.5
 

კომენტარები