აჰმადინეჟადის მოკავშირეები "ჯადოქრობისთვის" დააკავეს

ირანელმა სამართალდამცველებმა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი ”ზებუნებრივ” ძალებს იყენებდნენ და ”ჯინებს იძახებდნენ,” იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.  ირანული საინფორმაციო ვებ გვერდის, Ayadneh-ის ცნობით, ერთ-ერთი  დაკავებული, აბას გაფარი არის ”ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ მეტაფიზიკურ უნარებს ფლობს და უცნობ სამყაროებს უკავშირდება.”

აჰმადინეჟადის ახლო გარემოცვის წევრების დაპატიმრებას ირანის პრეზიდენტსა და ქვეყნის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შორის დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. აჰმადინეჟადმა 22 აპრილს ბოიკოტის ნიშნად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაც კი შეწყვიტა და სამსახურს მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაუბრუნდა. პრეზიდენტსა და ერის სულიერ ლიდერს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ირანის დაზვერვის უფროსი აიათოლა ალი ხამენეიმ კვლავ დანიშნა თანამდებობაზე.

კომენტარები