აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვან და ნავთობით მდიდარ ქვეყანა ნიგერიაში, 16 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 12 წლის წინ სამხედრო მმართველობის დამთავრების შემდეგ, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამართლიანად შეაფასეს. ნიგერიაში ხმის მიცემის ახალი სისტემა შემოიღეს, რომელიც გაყალბების შესაძლებლობას ზღუდავს. არჩევნებზე სახელმწიფო დანახარჯებმა 580 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 26 აპრილს კი ნიგერიაში გუბერნატორების არჩევნები ჩატარდა 24 შტატში.
ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ გამარჯვებული მმართველი სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მოქმედი პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანია. მან ხმათა 58%-ზე მეტი დააგროვა (36 შტატიდან, სულ ცოტა, 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო). ჯონათანმა 22 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო, ხოლო მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ყოფილ სამხედრო მმართველ მუჰამად ბუჰარის, მხოლოდ 12 მილიონმა ამომრჩეველმა (31%) დაუჭირა მხარი.
26 აპრილს ჩატარებულ გუბერნატორების არჩევნებში სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ 16 შტატი მოიგო, 6 შტატი კი ოპოზიციურმა ძალებმა. არჩევნების შედეგები 2 გუბერნიაში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. აქ რელიგიური შეტაკებების გამო არჩევნები დაგვიანებით ჩატარდა სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ.
გუდლაქ ჯონათანის გამარჯვების გამოცხადებიდან მალევე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ოპოზიციის საყრდენს წარმოადგენს, მასობრივი არეულობები დაიწყო. ნიგერიის ჩრდილოეთი მუსლიმებით, ხოლო სამხრეთი ქრისტიანებითაა დასახლებული. ქვეყნის პრეზიდენტი ქრისტიანია, შესაბამისად, მუსლიმურ ჩრდილოეთში პოპულარობით სუნიტი ბუჰარი სარგებლობს. ამ უკანასკნელის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ
შედეგები გააყალბა. არეულობებისას, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.
გენერალმა ბუჰარიმ მიმდინარე მოვლენები „სამწუხარო და უბედურებად” შეაფასა. „ეს ვერაგული აქტი ჩვენი მომხრეების ინიცირებული არ არის, ამიტომ არ შეიძლება მას ჩვენმა პარტიამ დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა მან.
ჯონათანმა ღრმა მწუხარება გამოხატა მასობრივ მღელვარებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას არეულობების შეჩერებისკენ მოუწოდა. „პოლიტიკური ამბიციები არც ერთი ნიგერიელის სისხლის ფასად არ ღირს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
2010 წელს Freedom House-მა ნიგერია ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიაში მოათავსა. 2011 წლის Economic Freedom Index-ის მიხედვით ქვეყანაა 111-ე, ხოლო კორუფციის ინდექსით 180 სახელმწიფოდან 106-ე ადგილზეა. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,249 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ჩრდილოეთის 19 გუბერნიაში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სამხრეთისას: ჩრდილოეთში ერთ სულ მოსახლეზე 718 აშშ დოლარია, რაც სამხრეთელების შემოსავლის ნახევარს უდრის. წერა-კითხვა 15 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 75%-მა იცის.
ნიგერია მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელია. ნავთობრესურსების დიდი ნაწილი მდინარე ნიგერის დელტაშია, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს. მასობრივ მღელვარებას ნავთობწარმოებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.