ფატჰი და ჰამასი შერიგდნენ

ორი მთავარი პალესტინური მოძრაობის, ფატჰისა და ჰამასის ლიდერებმა დღეს შერიგების პაქტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ეგვიპტის დედაქალაქში გაიმართა.  პაქტზე ხელმოწერის შემდეგ პალესტინური ავტონომიის ლიდერმა და ფატჰის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებით ორმა წამყვანმა პალესტინურმა მოძრაობამ  ”დაპირისპირების შავი ფურცელი დახურა.”

ხელშეკრულება იძლევა იმის საშუალებას, რომ  საერთო ეროვნული არჩევნების წინ პალესტინის ერთობლივი გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდეს. უცხოური მედიის ცნობით, პალესტინური დაჯგუფებების შერიგებას ბიძგი არაბულ ქვეყნებში ბოლო დროს აგორებულმა საპროტესტო აქციებმა  მისცა. ექსპერტების აზრით, ჰამასი და ფატჰი , შერიგების მიუხედავად, რამდენიმე ძირეულ საკითხზე  ვერ რიგდებიან. ერთ-ერთი მათგანია უთანხმოება ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

უცხოური მედიის ცნობით, პალესტინურ დაჯგუფებებს შორის შეთანხმებამ ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაღიზიანება გამოიწვია. ”პალესტინის ავტონომიას არჩევანის გაკეთება მოუწევს  - ან მშვიდობა ისრაელთან, ან ჰამასი,” განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

კომენტარები