მექსიკის ერთ-ერთ მაღაროში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mexico.png##fbimage#
მექსიკაში, ქვანახშირის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების  შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მაღაროს 10 მუშა კი მიწისქვეშ არის მომწყვდეული, რადგან აფეთქებამ მაღაროდან ამოსასვლელი დაბლოკა. მექსიკელი ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღაროელებს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვთ. მაშველები შახტაში ვერ ჩადიან, რადგან, სპეციალისტების თქმით, მაღაროში მეთანის გაზის კონცენტრაცია ჯერ ისევ მაღალია.
 
უცხოური მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროდან ერთი არასრულწლოვანი მეშახტის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. 14 წლის მოზარდი მაღაროში, სავარაუდოდ, არალეგალურად მუშაობდა. ის სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2006 წელს მექსიკის იმავე რეგიონში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მექსიკის მაღაროელთა პროფკავშირი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას მაღაროებში უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფის გამო. 

კომენტარები