საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველომ პრესის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაიუმჯობესა და 126-ე ადგილიდან  118-ე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ანგარიშის ავტორების თქმით, დაწინაურების მიუხედავად, საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყანათა რიცხვში რჩება.

Freedom House-ის კვლევა 196 ქვეყანას მოიცავს. კვლევის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას გამოკითხვების შედეგად 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება. 0-35 ქულა თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნებს აქვთ. ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიცხვში ის სახელმწიფოები შედიან, რომელთაც 31-60 ქულა დააგროვეს, ხოლო 61-100 ქულის მფლობელები არათავისუფალი ქვეყნები არიან.  ქვეყნების  რეიტინგი სამ მაჩვენებლზე დაყრდნობით დგება. ესენია: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიური გარემო.            

წლევანდელ კვლევაში საქართველოს 55 ქულა მიენიჭა, შარშანდელ ანგარიშში კი საქართველოს 59 ქულა მიაკუთვნეს. Freedom House-ის განმარტებით, საქართველოში პოლიტიკური გარემო გაუმჯობესდა და ამან ჟურნალისტთა სამართლებრივი და ფიზიკური შევიწროვების რიცხვი შეამცირა. „ოფიციალური პირების მხრიდან ცენზურის უფრო ცოტა შემთხვევაა და საზოგადოებრივი მაუწყებლიდ მიერ მოვლენები უფრო დაბალანსებულად შუქდება,” ვკითხულობთ ანგარიშში. თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ ახლოს არის იმ ზღვართან,  რომლის ქვემოთაც პრესის თავისუფლების მხრივ არათავისუფალ ქვეყანათა ჩამონათვალი იწყება.

დღეს პარლამენტში ამ საკითხზე  დებატები გაიმართა. უმცირესობის ლიდერმა, ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას მედიის თავისუფლების კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა.  მან შეახსენა მმართველ გუნდს, რომ საქართველო ახლოს არის არათავისუფალ ქვეყანათა ჩამოთვალის ზღვართან.  ოპოზიციას საპასუხოდ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარე, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ   საქართველომ  მედიის თავისუფლების სფეროში ”მნიშვნელოვან წარმატებას” მიაღწია პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესების გზით. „ეს არის მთავარი სული, აქცენტი და ხაზი ამ ანგარიშისა საქართველოსთან მიმართებაში",  დასძინა მინაშვილმა.

 Freedom House-ის პრესის თავისუფლების ანგარიშის მონცემებით, მსოფლიოში 196 ქვეყნიდან არათავისუფალია 63 ქვეყანა. მათ შორის არიან რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.   ყაზახეთი, პაკისტანი, ავღანეთი და  ტაჯიკეთი. ნახევრად თავისუფალია პრესა 65 ქვეყანაში. მათ შორის არის ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, ყირგიზეთი, მოლდოვა და საქართველო.

Freedom House-ის მკვლევართა მონაცემებით,  წლევანდელმა კვლევამ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი მედიის მხრივ უარყოფითი მიმართულებები  გამოავლინა,  ევროპული ქვეყნებშიც კი. ორგანიზაციის განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლება ზოგადად იკლებს და წელს,  ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. 

კომენტარები