თავის არეში დაჭრილ ვასილ სანოძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი, ვასილ სანოძე, წინასწარი ინფორმაციით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას  სანოძეს ტაბელური იარაღი საკუთარ სახლში გაუვარდა. თუმცა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება, რომ წუხელ სანოძე რესტორან ”პურის სახლში” იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, სანოძემ და მისმა სტუმრებმა რესტორანი დილის 4 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს. ამ ინფორმაციას რესტორნის დაცვის სამსახური ვერ ადასტურებს.

ვასილ სანოძის სახელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. 2006 წლის 28 იანვარს ”შარდენ ბარში” სწორედ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც გირგვლიანთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა. 2006 წლის მარტში გირგვლიანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვასილ სანოძემ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, დათა ახალაიამ სამსახური დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ გირგვლიანის მკვლელობასთან ”არანაირი კავშირი არა აქვთ”, თუმცა დასძინეს, რომ თანამდებობიდან ”მორალური პასუხისმგებლობის” გამო გადადგნენ. მედიის ცნობით, სანოძე სამსახურში 2009 წელს აღადგინეს.

ამ დროისთვის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული.  სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმები მოგვიანებით გაავრცელებენ. 

კომენტარები