რელიგია

რუსეთი რელიგიური თავისუფლების კომისიამ „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიტანა, რომლებშიც აღმსარებლობის თავისუფლება შეზღუდულია.  კომისიამ მოუწოდა აშშ-ს ხელისუფლებას, აუკრძალოს ქვეყანაში შესვლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს. მსგავსი რეკომენდაცია ამერიკულმა კომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსაც მისცა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რუსეთი რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კომისიის „შავ სიაში“ მოხვდა. „რელიგიური თავისუფლების კუთხით მდგომარეობა რუსეთში სულ უფრო და უფრო მძიმდება,“ ციტირებს ამერიკელ ექსპერტებს GZT.ru “რუსი ჩინოვნიკები აგრძელებენ ცალკეული რელიგიური ჯგუფების დევნას, რითაც შეუწყნარებლობას უწყობენ ხელს. ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, მათ შორის ანტისემიტიზმის, მაღალმა დონემ  სიძულვილის ნიადაგზე ძალადობრივ დანაშაულებებამდე მიგვიყვანა, რომლებიც, ხშირად  ადამიანის სიცოცხლის ხელყოფითაც სრულდება,“ ვკითხულობთ კომისიის ანგარიშში.

აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის „შავ სიაში“ წელს პირველად მოხვდა ეგვიპტე. „ეგვიპტის ხელისუფლება მონაწილე იყო და იწყნარებდა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომამდე და გადადგომის შემდეგ,“ ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის ავტორებმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამო. „11 თებერვლის [მუბარაქის გადადგომის] შემდეგ რელიგიური თავისუფლების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და თავდასხმები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე გაგრძელდა,“ წერია აშშ-ს კომისიის ანგარიშში. 

კომენტარები