პოსტმოდერნული მილანი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mln.png##fbimage#
უკვე 50 წელია, მილანი ინტერიერის დიზაინის და მასთან დაკავშირებული ინოვაციების   მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა-გაყიდვას მართავს. ამჟამად, iSaloni 12-17 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კომპანია Cosmit-ი, საიუბილეო გამოფენის მთავარი ორგანიზატორი ირონიული სლოგანით – „50 წლით ახალგაზრდა”, ხაზს უსვამდა, რომ მიუხედავად სოლიდური ტრადიციებისა, მუდამ განახლების, ინოვაციის და ახალგაზრდობის მხარეს იქნება. ამის დასტური აბსოლუტურ სიურრეალიზმად ქცეული მილანი გახლდათ: გამოფენის ბირთვს 210 030 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებული პავილიონები წარმოადგენდა – ავეჯი, განათება, ახალგაზრდა დიზაინერების პავილიონები და მოდერნული ოფისების მოწყობის ტექნოლოგიები. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ფანტასტიკური ინსტალაციებით იყო სავსე. რას არ ნახავდით მილანის ქუჩებში: გოთიკური არქიტექტურის ფონზე აღმართულ მონუმენტურ გასაბერ ბურთ-კარვებს, შიგნით კამერა ობსკურათი და მარინა აბრამოვიჩის ვიდეოარტით. ბურთში მოთავსებული რობოტი ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავდა სტუმრების პორტრეტებს. ზაჰა ჰადიდის ერგონომიული ავეჯი გალერეების ვიტრინებში დრამატულად იცვლიდა  ფერს... ლეონარდოს კლასიკური ქანდაკება ლა სკალას მოედანზე, მაიკლ იანგმა  მოდის სახლ Trussard-ის დაკვეთით, მაღალი ხარისხის მოოქროვილი ალუმინის მოდულებისაგან შემდგარ ბადეში მოაქცია. მოდულების ერთმანეთზე აგება უსასრულოდ შეიძლება და ამ მოლეკულარულ დიზაინს ცალკე ლექციაც კი მიეძღვნა. 

Zonatortona – ეს ინდუსტრიული ნაგებობებით სავსე ქუჩაა, რომელიც მთლიანად ინოვაციური დიზაინის დროებით მუზეუმებად იყო ქცეული. Minicuper-ები ჰაერში ეკიდა, ბნელ ლაბირინთებში კი ლაზერული განათება, ფუტურისტული პროექციები და სიურრეალისტური  მრგვალი როიალი ახალ განზომილებებზე გვიყვებოდა. მიუხედავად დიდი სანახაობრივი ეფექტისა, გამოფენა iSaloni ბიზნესის კეთების ადგილიცაა – მთელი მსოფლიოს არქიტექტურული ოფისები მომავალი სეზონის კოლექციებს სწორედ აქ ყიდულობენ. 

ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი კი, ქართული კომპანია Rooms-ის მონაწილეობა გახლდათ. თავისი ეკოისტორიით მან საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. საერთოდ ეკოლოგიის, მეორადი მასალების და ასე ვთქვათ „კორექტული” დიზაინის თემა, განსაკუთრებით ახალგაზრდა დიზაინერებს შორის, პოპულარული იყო. 
 
მინიმალიზმს, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებიდან „გამარჯვებულ” ესთეტიკად ითვლება, კვლავ წამყვანი ადგილი უჭირავს სახელოვანი კომპანიების ექსპოზიციებში. შესამჩნევი დეტალი, რომელიც ცივ არქიტექტურულ მინიმალისტურ ავეჯს დაემატა, სენტიმენტალური, პოსტმოდერნული მეხსიერების ელემენტებია. მაგალითად, გაქექილი ხალიჩა ან დათბილული ქსოვილი წარსული ცხოვრების, მყუდრო სახლის თბილ ასოციაციებს იწვევს. ზოგად ტენდენციად კი კვლავაც მინიმალიზმი და ხაზგასმით საავტორო, საკულტო ავეჯი რჩება.
 
მაგალითად, უკვე კიტჩად ქცეული ფილიპ სტარკის პლასტიკის სკამი, რომელიც ამჯერად  კუბზე ამოზრდილი საზურგეთი წარმოგვიდგა. სწორედ ამ სკამზე ესაუბრა ტაბულა მის ავტორს და პოსტმოდერნული სივრცეების კლასიკოსს. ახალი ნამუშევრის – Miss less-ის შესახებ მან მოტოციკლეტისტის ნარინჯისფერ ხელთათმანებში გამოწყობილმა გვიპასუხა: „ეს კუბია, სკულპტურული ფორმა, რომლის ახალი დეტალი საზურგეა, მონოლითი კუბი და თხელი, მსუბუქი საზურგე. თუ დიზაინი არ არის ახალი, მის გაკეთებას აზრი არი აქვს”.  ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია – სკამი, რომელსაც ადამიანი მოხმარებისას ფარავს თუ ცნობილი დიზაინერი, ვინც შექმნა ეს სკამი და საკუთარი ცნობადობით ტვირთავს, სტარკმა ღიმილით მოგვიგო: „არასოდეს მიფიქრია ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ადამიანი მნიშვნელოვანია, გმადლობთ ამ კითხვისათვის”. ჩვენ უკან უამრავი ჟურნალისტი და ოპერატორი ირეოდა, ხმა მომესმა: „ცხადია, კითხვას თავს აარიდებდა. ის ხომ უკვე დიდი ხანია, მილიონერია”... 

კომენტარები