კომპანია Sony-მ PlayStation-ზე ჰაკერული შეტევის დეტალები გამოაქვეყნა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/playstation.png##fbimage#
კომპანია Sony-მ გლობალური სისტემის, PlayStation-ის მომხმარებლებს გაფრთხილება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჰაკერებმა მათი პირადი მონაცემები გატეხეს. შესაძლო მოპარულ მონაცემთა შორის PlayStation-ის მომხმარებლების საკრედიტო ბარათების ნომრებიც შედის. Sony-მ PlayStation-ის ქსელი ჰაკერული თავდასხმის გამო 20 აპრილს გათიშა, თუმცა განცხადება კიბერ შეტევის დეტალების შესახებ მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა. კომპანია Sony-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 აპრილსა და 19 აპრილს შორის პერიოდში ჰაკერები უკანონოდ შეჭრნენ PlayStation-ის ქსელში, რის შედეგადაც მოხდა მომხმარებელთა პირადი მონაცემების „კომპრომენტირება“. მოპარულ მონაცემთა ჩამონათვალში მომხმარებელთა საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ქსელში შესასვლელი პაროლი და საკრედიტო ბარათების მონაცემებიც არის. „მართალია ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპარვის შესახებ, თუმცა ამის შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ,“ ნათქვამია Sony-ს განცხადებაში, თუმცა აქვე მითითებულია, რომ საკრედიტო ბარათების უსაფრთხოების კოდები დაცულია.
  
იმ ფაქტმა, რომ კომპანია Sony-მ კიბერ შეტევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰაკერების თავდასხმიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა, PlayStation-ის მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა Sony-ს ოფიციალურ ბლოგზე კრიტიკული შინაარსის მწვავე კომენტარები დატოვა. PlayStation-ის ქსელში დაახლოებით 77 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. 

კომენტარები