ლეო მესი: პირველი ორმოცდაათიანი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/Lionel%20Messi.png##fbimage#
ბარსელონას არგენტინელი ფორვარდი ლეო მესი ესპანეთში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 50 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის ბოლო ტურში, ოსასუნასთან 2:0 მოგებულ მატჩში ლეომ შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეძლო გოლის შეგდება, ეს ბურთი კი მისთვის საიუბილეო გამოდგა.
 
მიმდინარე სეზონში მან არაერთი რეკორდი დაამყარა და ჩანს, ორ, მასქიმუმ სამ სეზონში კატალონიური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდება. დღესდღეობით მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გატანილი 177 გოლია, ამ შედეგით კი ის მხოლოდ ხოსეპ სამიტიერს (178), ლადისლაუ კუბალას (196) და სესარ როდრიგესს (235) ჩამორჩება.

ლეო მესი 2004-05 წლების სეზონიდან ასპარეზობს ბარსელონაში და მას შემდეგ უამრავი ტიტული მოიგო: პრიმერადივიზიონი და ესპანეთის სუპერთასი 4-4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - თითოჯერ.

საკლუბო ტიტულების გარდა ის არაერთი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელიცაა: 2009 და 2010 წლებში ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, 2007, 2009 და 2010 წლებში პრიმერადივიზიონის უძლიერეს ლეგიონერად დასახელდა, 2009 და 2010 წლებში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2005, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში კი არგენტინაში აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ.

მიმდინარე სეზონში ლეომ ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული - 7 გოლი - უკვე მოიგო (კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად) და დიდი შანსია, იგივე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაშიც მოახერხოს. ესპანეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 31 გოლია და 2 ბურთით უსწრებს კრიშტიანუ რონალდუს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში კი ჯერჯერობით 9 გოლი აქვს გატანილი და აქაც პირველია. უახლოესი მდევრები მარიო გომესი და სამუელ ეტოო - 8-8 გოლი - უკვე გამოეთიშნენ გათამაშებას, რეალის ლიდერებს ქარიმ ბენზემას და კრიშტიანუ რონალდუს კი 6-6 გოლი აქვთ შეგდებული.

 

კომენტარები