გიგო გაბაშვილი – ფოტოხელოვანი

20 აპრილის საღამოს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში პრაიმ ტაიმის ახალი პროექტის – „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი” – პრეზენტაცია გაიმართა. 

გიგო გაბაშვილს საზოგადოება, როგორც შესანიშნავ მხატვარს და ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებელს იცნობს. მხატვარი 1862 წელს, ციხისძირში დაიბადა. 1886-დან 1897 წლებში პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში სწავლობდა. იმოგზაურა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე შუა აზიაში, რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1891 წელს გაბაშვილმა თბილისში, დავით სარაჯიშვილის სახლში პერსონალური გამოფენაც გახსნა, მოგვიანებით კი თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.

გიგო გაბაშვილი არა მხოლოდ ქართული რეალისტური, არამედ ბატალური მხატვრობის ერთ-ერთ პიონერადაც ითვლება. მისი შემოქმედების თემატიკა მრავალფეროვანი გახლავთ: გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტებით დაწყებული, ორიენტალისტური სურათებით დამთავრებული. 2006 წელს მისი ცნობილი ნახატი, „ბაზარი სამარყანდში”, კრისტის აუქციონზე 1 136 000 დოლარად უცნობმა მყიდველმა შეიძინა.  
 
ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ისინი, ცოტა ხნის წინ, ერმაკოვის ლაბორატორიაში გაამჟღავნეს. დღემდე უცნობი, უნიკალური ფოტოების გამოფენა პრაიმ ტაიმის ინიციატივა იყო. რუსთაველის თეატრში დამთვალიერებლის თვალწინ მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გაცოცხლდა, უმეტესწილად ნატურალისტური, შიშველი ქალების, სამარყანდის, ხევსურეთის, ძველი თბილისის ფოტოებში. მათი თვალიერებისას რთული იყო აღტაცების დამალვა. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი ექსპრესია – გენიალური ნამუშევრებია არა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის, თანამედროვეობისთვისაც. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ძვირადღირებული ტილოებიც. 
 
პრაიმ ტაიმი მომავალში ფოტოალბომის გამოცემას და მის ევროპასა და ამერიკაში გატანას აპირებს. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთში ქართველ ხელოვანს ლამის დღემდე, რუს ორიენტალისტად იცნობენ.  

კომენტარები