ქვევრის მომავალი

 იყო დრო, როდესაც ქვევრებს ანაქრონიზმად მიიჩნევდნენ. ბევრი მას ანტისანიტარიის წყაროდ ასახელებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიწით ამოავსო საკუთარი ქვევრები და ზოგიერთებს ძალითაც ამოავსებინეს. ქვევრთან დაკავშირებული ეჭვები დღესაც ბევრს აწუხებს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს უნაყოფო სკეფსისი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა ვიქონიო, რომ ქვევრის მოწინააღმდეგეები უკვე ვეღარაფერს დაუპირისპირებენ იმ საერთო ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში აშკარად ჩამოყალიბდა საქართველოში. ეს ტენდენცია გარკვეულ წრეებში მომწიფდა. ქვევრის მეღვინეობის აღორძინებაზე უკვე რამდენიმე წელია მიდის საუბარი, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც და სულ მალე, იმედია, პირველ მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ. 

ცოტა ხნის წინ, ქვევრის ფონდი შეიქმნა, რომელიც ოთხმა ორგანიზაციამ დავაფუძნეთ – ქართული ტრადიციული ღვინის ფონდმა, ასოციაცია ქვევრის ღვინომ, ღვინის კლუბმა და ასოციაცია ქართულმა ღვინომ. ფონდში უკვე ჩამოვაყალიბეთ საქმიანობის სტრატეგია, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც პირველ რიგში ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის გადახალისებას და ქვევრის ღვინის დასავლურ ბაზარზე ღირსეულ წარმოჩენას ისახავს მიზნად.

 
ბოლო ათწლეულმა ცხადად დაგვანახა, რომ დასავლეთ ევროპაში ქვევრს ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ. ამ დროის მანძილზე ასეულობით ქვევრი გაიტანეს კახეთიდან და იმერეთიდან სლოვენიაში, ხორვატიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. იქ უკვე ჩინებულ ქვევრის ღვინოებს აყენებენ სხვადასხვა უცხოური ჯიშებიდან, მაგრამ ამგვარ პოპულარიზაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზიც ახლავს, კერძოდ კი ის, რომ თითქმის ყველა ეს მწარმოებელი ქვევრს უწოდებს ამფორას, რაც უხეში შეცდომაა, რადგან ამფორა ვიწროყელიანი მცირე ზომის თიხის ჭურჭელია, რომელსაც ძირითადად ღვინის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ და არაფერი ჰქონდა საერთო ქვევრთან.
 
ჩვენ სწორედ საერთაშორისო ცნობადობაში დაშვებული ასეთი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და კიდევ უფრო მოთხოვნადი გავხადოთ ქვევრის თემა, უცხოეთშიც და რაც მთავარია, საქართველოში. ღვინის კლუბი უკვე მეორე წელია, ხელს უწყობს ქვევრის თემის პოპულარიზებას. შარშან, მაისში, ჩვენ მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე ქვევრში დაყენებული ძალიან საინტერესო ღვინოები იყო გამოტანილი. ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ალავერდის მონასტრის მარანმა შემოგვთავაზა, იყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოები (ვინოტერა, ჩვენი ღვინო, იაგოს ღვინო, ხოხბის ცრემლები, ანთაძის მარანი, ელიზბარ თალაკვაძე და შვილები), მონაწილეობდნენ გლეხებიც, რომლებიც ქვევრში აყენებენ ღვინოს. 
 
ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზარზე ქვევრის ღვინოების რაოდენობაც. თუკი 2009-2010 წლებში ჩვენ მიერ ორგანიზებულ კახური ტიპის ღვინოების დეგუსტაციებზე სულ 2-3 ქვევრის ღვინო იღებდა მონაწილეობას, წლევანდელ დეგუსტაციაზე, რომელიც 2 კვირის წინ გაიმართა, უკვე რქაწითელიდან, ქისიდან და მწვანე კახურის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული 12 ქვევრის ღვინო მოვიძიეთ თბილისის ღვინის მაღაზიებში (კომპანიები: ხოხბის ცრემლები, ვინოტერა, ვაზი+, ბადაგონი, თელავის მარანი, ელიზბარ თალაკვაძე და შვილები). 
 
დეგუსტაციაზე გამარჯვებულთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
 
ალავერდის ტრადიციები, ბადაგონი, 2007.
რქაწითელი, ვაზი +, 2009. 
ქისი, ხოხბის ცრემლები, 2009.
ქისი, ვინოტერა, 2006.
ქისი, ვინივერია, 2005.
 
სულ მალე, 14 მაისს, ღვინის კლუბი მორიგ ახალი ღვინის ფესტივალს გამართავს, რომელზეც გაცილებით ფართოდ იქნება ქვევრის ღვინო წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვევრის ღვინის აღორძინების საქმეში.  

კომენტარები