Freedom House: ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებ გვერდია

ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით საქართველომ სამიდან ორი ინდიკატორი გააუმჯობესა, ამის შესახებ მონაცემებს ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2009 წელთან შედარებით, ინტერნეტთან წვდომის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ასევე შემცირდა შეზღუდვები ქსელში განთავსებული მასალის შინაარსთან დაკავშირებით. Freedom House-ს მონაცემებით, საქართველო კვლავ რჩება „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად“ ინტერნეტ სივრცის თავისუფლების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, სოციალურმა ქსელებმა, კერძოდ კი ფეისბუქმა, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ბოლო წლებში და „დაჩრდილა“ ახალი ამბებისა და სხვა ტიპის ვებ გვერდები. „ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებ გვერდია... ის დისკუსიებისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ასრულებს საქართველოს საზოგადოების ლიბერალურ სეგმენტში,“ ნათქვამია Freedom House-ს ანგარიშში. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ 2010 წლის აპრილში მომხდარმა ინციდენტმა ინტერნეტ-აქტივისტების შეშფოთება გამოიწვია. საქმე ეხება ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფს, რომელიც ნანუკას შოუს და  მის წამყვანს აკრიტიკებდა. Freedom House ჯგუფის ადმინისტრატორზე დაყრდნობით წერს, რომ  „სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლებმა“ ადმინისტრატორი მუქარით აიძულეს ჯგუფი გაეუქმებინა.

ანგარიშში  ასევე ყურადღება გამახვილებულია 2009 წელს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ორი სტუდენტი დააკავეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის „შეურაცმყოფელი“ ვიდეომასალების განთავსების გამო ვიდეოპორტალ YouTube-ზე.

ანგარიშის ავტორების თქმით, ეს ერთადერთი აქამდე ცნობილი შემთხვევვა, როცა სამართალდამცველებმა ფეისბუქსა და ფორუმზე განთავსებული კონტროვერსიული შინაარსის მასალის გამო დაწყებული დისკუსიის საპასუხოდ იმოქმედეს. თუმცა, ავტორები აქვე დასძენენ, რომ ეს საკითხი ტრადიციულმა მედიამაც აიტაცა.

„ფორმალური სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების გარეშე, პოლიციამ ორი ახალგაზრდა დააკავა, მოახდინა მათი კომპიუტერების და სხვა ნივთების კონფისკაცია, აიძულა ისინი წაეშალათ ვიდეოები იქამდე, ვიდრე გამოაქვეყნებდნენ. კონფისკირებული ნივთები მესაკუთრეებს არ დაუბრუნდათ და ამ ქმედებების იურიდიული საფუძველი არ ყოფილა ახსნილი,“ ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში მითითებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ცენზურა არ წარმოადგენს „ დიდ დაბრკოლებას“ ინტერნეტის თავისუფლებისთვის. „მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად ნახონ ნებისმიერი ვებ გვერდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩამოტვირთონ ნებისმიერი შინაარსის მასალა და ეკონტაქტონ ნებისმიერ მომხმარებელს ფორუმებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით,“ ვკითხულობთ ანგარიშში „ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალა იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ძალიან ბევრი ვებ გვერდი არალეგალურ მასალასაც სთავაზობს მომხმარებელს. ესენია არალეგალური პროგრამები, მუსიკა, ფილმები და ხელისუფლებას არ მიუღია შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.“

Freedom House-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ინტერნეტ გამოცემების უმეტესობას პრობლემები აქვს რეკლამის მოზიდვის კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის გამოცემები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ამ პრობლემას. „ზოგიერთი მედია მფლობელი აცხადებს, რომ რეკლამის დამკვეთებმა ვებ გვერდებიდან რეკლამის გატანა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც ამ საიტებზე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ ძალიან კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა,“ ვკითხულობთ დოკუმენტში. 

კომენტარები