ქართველი „პერეგონშიკების” კინო

შეფასება: 3/5

 უკვე გიკვირს კიდეც, როდესაც ქართული ფილმის პრემიერაზე მოხვედრილს, იმ თემებისა და პასაჟების ნაკადი არ გხვდება, რაც დღეს ქართულ კინომოდად არის ქცეული: დაკარგული თაობა, 90-იანების რომანტიზაცია, ტელესერიალების ესთეტიკაზე აწყობილი, კარგად „გაშპაკლულ”-გაპრიალებული  ფილმები. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც დღეს ქართული კინოს მამოძრავებელია.

„თეთრი არა – შავი” კონსტანტინე მინდია ესაძის 58-წუთიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მანქანებით მოვაჭრეთა  („პერეგონშიკები”) რთულ გზას ასახავს. რეჟისორი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და ხიფათით სავსე იმ მოგზაურობას იხსენებს, რაც გერმანიიდან მანქანის ჩამოყვანის დროს გამოიარა. ეს მისი პირველი ნამუშევარია, სადაც ერთდროულად იდეის ავტორიც, რეჟისორიც და ოპერატორიცაა. 
 
„პერეგონშიკების” ცხოვრება გზაზე და მათი პროფესიის  ფარული მხარეების ჩვენება, ფილმის მთავარი ხაზია. მას ავტორი ყოველგვარი კომპრომისისა და შეფარვის გარეშე მიჰყვება. მცდელობა იმისა, რომ, სულ მცირე, გზებზე მოხეტიალე გმირების მიმართ თანაგრძნობა გაგიჩნდეს, წარმატებული აღმოჩნდა. 
 
დოკუმენტური ფილმისთვის დამახასიათებელი ავთენტურობის განცდით მაყურებელი რეისს საქართველო-გერმანია-საბერძნეთი-იტალია-თურქეთი-საქართველო, ორ პერსონაჟთან ერთად გადის. ორი სხვადასხვა ფსიქოტიპის, განსხვავებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ინტერესების მქონე პერსონაჟი, რამდენიმე ათასკილომეტრიანმა გზამ გააერთიანა. დათოსგან, პროფესიონალი „პერეგონშიკისგან” განსხვავებით, რომლისთვისაც ნაცრისფერი ავტობანების მიღმა არაფერია საინტერესო, ახალბედა,  განათლებით მხატვარი, მამუკა უკან ევროპის – ვენეციის, გემების, უცხო ადამიანების, მუზეუმებისა და სექსშოპების – შთაბეჭდილებით დახუნძლული ბრუნდება.
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
კონსტანტინე მინდია ესაძე
მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ურჩიეს – საქართველო შავი ბეემვეების ქვეყანააო, მამუკას გადაწყვეტილება, ეყიდა თეთრი ან ვერცხლისფერი ალფა რომეო, ვერაფერმა შეაცვლევინა. შავი ბეემვე შემოსულა მოდაში და კაცმა არ იცის, როდის გადავა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასეა, – გეუბნება რეჟისორი და ამ სტერეოტიპზე იუმორით და თანაგრძნობით გესაუბრება. ამ სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება მამუკა, რადგან ვერცხლისფერი ალფა რომეო ქართული ავტობაზრისთვის უვარგისი აღმოჩნდება და მისი ნაწილებად დაშლისა და ჩაბარების გარდა, ჩვენს გმირსაც სხვა აღარაფერი დარჩენია. სატრანსპორტო ხარჯებიდან ამოსვლას კი, (როგორც თავიდან ურჩიეს) შემდეგი რეისით ჩამოყვანილი შავი, რაც მთავარია ქალის ნახმარი ბეემვეს გაყიდვით შეძლებს. 
 
მთელი ეს ისტორია, ისევე როგორც უკანასკნელ წლებში გადაღებული ქართული ფილმები, ქუჩური დიალოგებისა და ტერმინოლოგიის ტრადიციას არ ღალატობს. აქაც იჩენს თავს ნაცნობი თემები: „შხვართი” იტალიელი გოგონები თუ უცხოეთში პირველად წასული ქართველის „აღმოჩენები” სექსშოპში. 
მინდია ესაძის დოკუმენტური ფილმი „თეთრი არა – შავი” თემის აქტუალობის, დრამატურგიული ხაზის, დინამიკისა და ოპერატორული ნამუშევრის ხარჯზე, თამამად შეიძლება, შემდგარ დოკუმენტურ ფილმთა სიაში მოინიშნოს. ფილმი, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიის ნაწილობრივი დაფინანსებით შეიქმნა, შესაძლოა, კოპენჰაგენის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზეც აღმოჩნდეს

კომენტარები