მომავალში ჩაბრუნებული მზერა

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
 
თუკი გივი ალხაზიშვილის პოეზიის დასახასიათებლად, ვინმე მხოლოდ ერთი ეპითეტის გამოყენებას გთხოვთ, თუ ამ ავტორის შემოქმედების ნაწილს მაინც იცნობთ, აუცილებლად მიუგებთ: თანამედროვე. მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა. გივი ალხაზიშვილი, ფორმალურად, გვიანი XX საუკუნის გვიანი 60-იანების და 70-იანების დასაწყისის წარმომადგენელია. ეს პერიოდი, სამამულო ლიტერატურაში სხვა მახასიათებელთან ერთად, თავისუფალი ფორმალისტური ძიებებითაც გამოირჩევა. გივი ალხაზიშვილი დროს იმთავითვე უწყობდა ფეხს, გავიხსენოთ მისი ადრეული ექსპერიმენტები – ვერბლანი ან პოეზია პროზად. სიტყვამ მოიტანა და აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორი თანაბარი ოსტატობით ფლობს სხვადასხვა სალექსო ფორმას – კონვენციურს თუ თავისუფალს. რაც შეეხება ტექსტების თვისობრივ მხარეს – სათქმელი ხან ტრაგიკული შეფერილობისაა, ხანაც ირონიულის, ზოგჯერ მათი უცაბედი, თუმცა არანაჩქარევი მონაცვლეობაც გვხვდება. ეროტიკული თემებით თამამი თამაში (ქაცვიას დღიურები, ლუსი და ა.შ.) და კლასიკური ტექსტების ინტერპრეტირება, ალუზიები პოეტის მკითხველთან საუბრის კიდევ ერთი საფირმო ხერხია.

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა საუნჯემ გივი ალხაზიშვილის ლექსების ახალი კრებული – „ჩაბრუნებული მზერა” შესთავაზა მკითხველს. გამოცემა სამი ნაწილისგან შედგება – აქამდე წიგნად დაუბეჭდავი ლექსები, სიხარულის მეწყვილე (2007-08) და პურის სუნი (2008-09). კრებულს წინასიტყვაც ერთვის (გაგა ლომიძე – „ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი”) და ბოლოსიტყვაც (ნანა ტრაპაიძე – „ზღვართან  ყოფნის პოეტიკა”). ორივე კრიტიკოსი „დაუსწრებლად” თანხმდება, რომ წიგნი ბოლო წლების ქართულ პოეზიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. „გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის”, – წერს გაგა ლომიძე, ნანა ტრაპაიძე კი აღნიშნავს – „გივი ალხაზიშვილის პოეზიის განცდა-გაგების მთავარი კარი ხედვითი აღქმაა, შემდეგ ერთვებიან სხვა სენსორებიც – სმენა, რომელიც ასონანსების მუსიკაში იხსნება, შეხება, როგორც სიტყვის სიმკვრივე და ყნოსვა, როგორც „სხვა” სუნთქვა”.

კრებულში რაღაც უხილავი დინამიკაა დაცული, თითქოს თავისთავადი და არა საგანგებოდ შემუშავებული. სიზუსტე – აი, გივი ალხაზიშვილის კიდევ ერთი თვისება თუ უნარი, ეს დინამიკაც ხომ ზუსტია და თვითონ ტექსტებში ტროპები ფილიგრანულადაა განთავსებული. ავტორი „ზედმეტის ჩამოთლის” პრინციპით ხელმძღვანელობს, აშკარად ბევრს მუშაობს იმაზე, რომ არც მეტაფორამ გადაამლაშოს და მშრალ პუბლიცისტურობასაც აარიდოს თავი. პოეტი ხშირად მიმართავს ენობრივ თამაშებს – „ისე გამტეხეს/მე კი მეგონა ღამეებს ვტეხდი” („ეს დღე სად გაქრა?”). მაგრამ სევდის გადმოცემის სხვა გზა არსებობს, შეიძლება უფრო ნიუანსურიც კი – „აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით/ საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით” („ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია”). ბუნებრივია ის დარდნარევი დაეჭვებაც, გამოცდილი ავტორი პირობით მეგობარს რომ ანდობს: „ყველაფერი სათუოა ამ სათიბივით,/ ყოველწლიურად რომ თიბავენ/ რადგან ჯიუტად ისევ ამოდის”.
 
ამ მცირე რეცენზიის ბოლოს, მინდა ერთი ლექსი მთლიანად მოვიტანო, როგორც ნიმუში, თუ როგორ შეიძლება პრიმიტიულ ლექსიკასა და მაღალ პოეზიას შორის ზღვარის წაშლა:
„მე რომ გავიზარდები, შენ ხომ ჩაიზარდები?
სად მიდის კაცი, როცა ვეღარ ბრუნდება?
სად იმალება ქარი, როცა აღარ ქრის?
სად იმალება ცეცხლი, როცა აღარ ანთია?
სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ?”
(„ბავშვის შეკითხვები”) 
 
 

კომენტარები