ტიფლის ავენიუდან როტერდამამდე

საქველმოქმედო  გამოფენა-აქცია

1-დან 10 აპრილის ჩათვლით, არტცენტრ ტიფლის ავენიუში დამთვალიერებელს 17 ახალგაზრდა მხატვრის (მათ შორის: თორნიკე აბულაძე, თეონა კოხოძე, ზურა მჭედლიშვილი, ლეილა გრიგოლია, ქეთევან ნადირაძე, თამარ კალხიტაშვილი, სალომე რიგვავა, თაკო მაღლაფერიძე) ნამუშევრების ნახვის საშუალება ჰქონდა. ექსპონირებულ ნამუშევრებში ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიას და ფოტოგრაფიას აღმოაჩენდით. ყველა ნიმუშის დათვალიერება მხოლოდ მათ შეძლეს, ვინც

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
თამარა მაღლაფერიძის ნამუშევარი
გამოფენის გახსნას დაესწრო.  პირველი დღის შემდეგ, ავტორთა არაერთი ნაწარმოები გაიყიდა, რაც ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის გარდა, ექსპოზიციის მოწყობის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ.

დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხა საქველმოქმედო დაწესებულება  მწვანე  სახლს გადაეცა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება.

მხატვრისა და ფილოსოფოსის ფერწერა 

თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვრისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის – ლადო ასათიანის გამოფენა გრძელდება. საკუთარ ნამუშევრებში ავტორი აქცენტს ფერზე და ფერის “თამაშით” შექმნილ განწყობაზე აკეთებს. მისი გამოსახვის საყვარელი ობიექტია ზღვა და ქალის შიშველი სხეული, ხოლო ჟანრი – პეიზაჟი. რამდენიმე თემას მხატვარი პერიოდულად უბრუნდება. მაგალითად, გამოფენაზე წარმოდგენილია მისი 1998, 2010 და 2011 წლებში შესრულებული “ზღვის მითოსი”. ზღვის პეიზაჟს გამოსახავს “ავდარი ზღვაზე” (2011), “გრილი საღამო ზღვაზე” (2011), “მზის ჩასვლა ზღვაზე” (2007) და ა.შ.. პარალელურად, მხატვარი თბილისის პეიზაჟებსაც გვთავაზობს. მათ შორისაა: “თბილისი, ზღვის ამოსვლა” (2008), “ძველი თბილისი მტკვართან” და “ძველი თბილისი” (2010). მხატვრის პალიტრა მრავალფეროვანია, ხოლო მონასმი ენერგიული. ქალის შიშველ სხეულს მხატვარი ნიუების სერიაში გადმოსცემს, საიდანაც გამოფენაზე ორი ნიმუშია წარმოდგენილი. 
 
ქალაქის პეიზაჟებისა და ნიუების გარდა, ლადო ასათიანი ტილოზე მითოლოგიურ თუ რელიგიურ პერსონაჟებსა და სიუჟეტებს აცოცხლებს. მთავარი აქცენტი ყველგან სხვადასხვა ინტენსივობის ფერზეა გაკეთებული. ასეთია, მაგალითად – “აპოლონი და დიონისე” და “წითელი ანგელოზი”. 
 
ავტორი ფილოსოფოსია და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. წლების განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა, ამჟამად კი ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს. მის მიერ გამოქვეყნებული შრომებიდან აღსანიშნავია: “ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ფოლკლორული ასპექტი” და “მხატვრული კულტურა და ხელოვნების ზოგადთეორიული კვლევა”. 
 
თბილისიდან როტერდამამდე
 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
გამოფენის პოსტერი
15 აპრილს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია იმით იქნება გამორჩეული, რომ ჰოლანდიელებთან ერთად მასში ქართველი მხატვრებიც მიიღებენ მონაწილეობას. დეტალების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, თუმცა დღეისათვის დაზუსტებით მხოლოდ სახელწოდება – “თბილისიდან როტერდამამდე” – ვიცით. ორგანიზატორი როტერდამის მუნიციპალიტეტი და ჰოლანდიური ფონდი ს.ო.ს.-ია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფონდის მიზანი ჰოლანდიაში მყოფი ემიგრანტების დახმარებაა. გამოფენა ერთგვარი გაგრძელებაა შარშანდელი ექსპოზიციისა, რომელიც ჰოლანდიელი მხატვრების მონაწილეობით თბილისის ისტორიის მუზეუმში შედგა და ჰოლანდიის დამოუკიდებლობის დღესასწაულს მიეძღვნა. სწორედ ამ გამოფენის შემდეგ გადაწყდა ყოველწლიური ერთობლივი გამოფენების ჩატარება. 
 
გამოფენას როტერდამში ქართველი და უცხოელი სტუმრები, მხატვრები და კოლექციონერები დაესწრებიან. ექსპოზიციის გახსნაზე სიტყვას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელიც წარმოთქვამს. 
 

კომენტარები