„არაფრით გამორჩეული” მარტინ პარი

საშუალო ბრიტანელისთვის დამახასიათებელი, არაფრით გამორჩეული გარეგნობა, ჩაცმულობა, მუდამ მომღიმარი გამომეტყველება – ყველაფერი ეს მარტინ პარს, ნებისმიერი კარგი ჯაშუშის მსგავსად, უჩინარს ხდის.

24 მარტს, ვენაში Anzenberger Gallery-მ მარტინ პარისა და რიმალდას ვიკსრაიტისის ფოტონამუშევრების გამოფენა – “The Real World” – გაიხსნა.

მოსაწყენამდე არარომანტიკული თემატიკა, მყვირალა ფერები და თავხედურად ახლო დისტანცია ნატურასთან – ჩვენი ყოველდღიურობის „პარისეული” ვერსია (Parrworld, როგორც ამას თავად უწოდებს), მაყურებელში სწორედ იმ დისკომფორტსა და ამავდროულად, საკუთარი კარიკატურით მაზოხისტურ ტკბობას იწვევს, რომელსაც ჩვენი ეპოქის დახვეწილი შვილები „პოსტმოდერნიზმს”, 70-იანელები კი უბრალოდ, „კიტჩს” უწოდებდნენ.
 
მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფოტოჟურნალისტთა სააგენტოს – მაგნუმის – წევრს, რომლის ნამუშევრებიც სააგენტოს „ათი მცნების” ტოტალური უარყოფაა, ვენის სამხატვრო აკადემიაში წაკითხული ლექციის შემდეგ შევხვდით.
 
ეს წერილი პარის ერთგვარი პროფესიული ავტობიოგრაფიაა, სადაც ფოტოგრაფი საკუთარი ტექნიკის, თემატიკისა და მუშაობის სტილის შესახებ გვესაუბრება.
 
ტექნიკა
 
80-იან წლებამდე შავ-თეთრ ფირზე ვმუშაობდი. ამ ეპოქაში „სერიოზული” ფოტოგრაფი ფერად ფირს არ ეკარებოდა – ეს მხოლოდ Fashion-ფოტოგრაფიისა და მოყვარულთათვის იყო განკუთვნილი.
 
ცნობილია, რომ ინგლისელები ამინდით შეპყრობილები არიან. ამ ეროვნული მანიის საჩვენებლად, მხოლოდ ცუდ ამინდში ვმუშაობდი. სიბნელეში, წვიმაში, ბლიცის გარეშე არაფერი ჩანდა, ამიტომაც, ხელოვნურ განათებას მივმართე, რაც გამჟღავნებულ ფოტოზე სრულიად „დამახინჯებულ” რეალობას მაძლევდა – იმდენად მომეწონა, რომ ამ მეთოდის ჩემს ფოტოენაში გამოყენება დავიწყე. ზოგჯერ, შეცდომის დაშვება იმდენად კარგ შედეგს იძლევა, რომ ამის სპეციალურად გამეორებას იწყებ. და კიდევ ერთი რამ, რაც ფოტოგრაფების ჩვეული საქციელის საპირისპიროდ გავაკეთე: ფოტოგრაფებს ძალიან უყვართ ეგზოტიკური, „მშვენიერი” ობიექტების აღბეჭდვა. ავდექი და სწორედაც რომ მოსაწყენ ადგილებს მივაშურე: ავტოსადგომი, ავტომანქანების სერვის-ცენტრები... მინდოდა, მენახა, თუ რამდენად შესაძლებელია საინტერესო ფოტოს გადაღება ვითომდა ერთფეროვან გარემოში. მაინტერესებდა, რამდენად სუბიექტური შეიძლება იყოს ფოტოგრაფია. 2 წამის განსხვავებით გადაღებულ ორ კადრს – ბლიცით და ბლიცის გარეშე – საერთო თითქმის აღარაფერი რჩებათ. მიდი და არკვიე, რომელი მათგანია „მართალი”.
 
მე მჯერა წიგნების!
 
ძალიან ბევრი წიგნი მაქვს გამოცემული. წიგნები ფოტოგრაფიაზე არაა სათანადოდ დაფასებული. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ფოტოგრაფების უმრავლესობა ამ პროფესიით სწორედ რომელიმე გამოცემის ან ჟურნალის თვალიერებისას დაინტერესდა. პროფესიულ წრეებში წიგნები ფოტოგრაფიის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ფოტოგრაფიის ისტორიაში ის თითქმის მარგინალიზებულიც კი იყო. ამიტომ, ჩემს თავს ერთგვარ მისიონერად აღვიქვამ.
 
მე მჯერა წიგნების! გაიმეორეთ ჩემთან ერთად – „ჩვენ გვჯერა წიგნების!”. 
 
იმედი ყოველ ფინჯანში!  ანუ ცუდი კარგი ობიექტები
 
რამდენიმე კატალოგი „ცუდ” ობიექტებზე გავაკეთე. ზოგჯერ რაღაც იმდენად ცუდია, რომ უკვე კარგი ხდება. ასეთი ობიექტები ჩემი სისუსტეა. მაგალითად, თეფშებზე დატანებული ფოტოები – ნატურმორტები, პეიზაჟები... სასწაულია, ვგიჟდები!
 
მიყვარს საათები სადამ ჰუსეინის გამოსახულებით. ობამაც საკმაოდ საინტერესო ინდუსტრიული პერსონაჟია. გინახავთ ბურღულეული პრეზიდენტის მომღიმარი გამოსახულებითა და წარწერით: „იმედი ყოველ ფინჯანში!”? შედევრია, აბა რა არის!
 
საფოსტო ბარათების თაყვანისმცემელი ვარ. საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის სოციალური ისტორიის გასაგებად. მათგან იმასაც კი ვიგებთ, რომ გვიანი 70-იანი წლებიდან ფერადი ფოტოგრაფია შტატებში უკვე სერიოზულად აღიქმება. იმდენად აღმაფრთოვანა ამ ბარათებზე აღბეჭდილმა კიტჩურმა გამოსახულებებმა, მათში ფერის გამოყენების გზამ,  რომ 1982 წელს, შავ-თეთრი ფირიდან ფერადზე გადავედი. ჩემი „მხიარული” მანერა კრიტიკულმა შეცვალა. საერთოდაც, შავ-თეთრი ფოტოგრაფია რეალობის შელამაზება უფროა, ფერში მუშაობა კი ბევრად მეტ კრიტიკას გულისხმობს.
 
იმ პერიოდში, ყველანაირად ვცდილობდი ჟურნალებში მოხვედრას (დღევანდელისგან განსხვავებით), 80-90-იან წლებში რედაქციებს დოკუმენტური ფოტოგრაფია ძალიან აინტერესებდათ. ამისათვის, დიდხანს ვცდილობდი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფოტოსააგენტოში გაწევრიანებას – 1994 წელს, როგორც იქნა, მაგნუმის წევრი გავხდი, რამაც ჟურნალების ბაზრისკენ გამიხსნა გზა.
 
ბედი Fashion-ფოტოგრაფიაშიც მაქვს ნაცადი. ყოველგვარი მიზეზისა და მიზნის გარეშე. ჩემი Fashion-ფოტოები ჟურნალ-კატალოგად გამოსცეს – აზრობრივად, fashion სწორედ ჟურნალთან ასოცირებული ცნებაა. 2008-2009 წლებში ინგლისის წამყვან მემარცხენე ჟურნალთან, The Guardian-თან ვითანამშრომლე. მსოფლიოს 10 ქალაქში უნდა მემოგზაურა, თითოში 4-5 დღე გავჩერებულიყავი და 160-გვერდიანი პორტფოლიო ამეწყო. არაჩვეულებრივი სამუშაო იყო და, რაც მთავარია, პროცესზე სრული კონტროლი მქონდა.
 
1995 წელს კამერა გამოვიცვალე – მაკროსისტემის ხმარება დავიწყე, რაც სამედიცინო ფოტოგრაფიაში გამოიყენება. ამ სისტემისა და ბლიცის კომბინაციამ სტუდიური სტილის, „ობიექტური” განათების მსგავსი ეფექტისთვის მიმაღწევინა. ამ ტექნიკით გადავიღე სერია საკვებზე. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უნდა ჩავსულიყავი და ფირზე იქაურობისთვის დამახასიათებელი კლიშეები აღმებეჭდა. 8 წლის წინ, გავაკეთე სერია „მოსაწყენი ფოტოები”. ვეძებდი ყველაფერს, რაც „მოსაწყენი” იქნებოდა.
 
ჟურნალებისთვის ყველაფერი გადამიღია – სამოგზაურო ფოტოებით დაწყებული – რეკლამით დამთავრებული. ისე, რეკლამა პროსტიტუციას ჰგავს: კარგად გიხდიან და სწრაფად აკეთებ.
 
უჩინმაჩინი
 
დოკუმენტური ამბის შექმნისას, ყველაზე უფრო ჩემი როლი მიზიდავს – ცნობისმოყვარე ადამიანისა, რომელიც ყველაფერში ცხვირს ჰყოფს: მიძვრება იქ, სადაც მისი ადგილი არაა, ამჩნევს დეტალებს, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ამ პროფესიის საუკეთესო თვისებაც ესაა.
როგორ ვხდები უჩინმაჩინი? სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია; რაც მთავარია, ნატურას თვალებში არ ვუყურებ, ყურადღებას არ ვაქცევ. თქვენი გადაღება რომ მსურდეს, ჯერ ცოტას ვივლიდი, ზედაც არ შემოგხედავდით, მერე რაღაც მომენტში, გადავიღებდი. და მიუხედავად იმისა, რომ ბლიცს გამოვიყენებდი, არ მოვიდოდი და არ გეტყოდით: „დამნაშავე მე ვარ!”.
 
ფოტოგრაფების უმრავლესობა სწორედ ამას აკეთებს – თვალებში უყურებს ნატურას და თითქოს ეუბნება – „შენი გამოსახულება მოვიპარე!”. ჩემი საიდუმლო ისაა, რომ მე ამას არ ვაკეთებ... მაგრამ არავის უთხრათ!
თუკი ვინმე დამიკავშირდება და მეტყვის, რომ საკუთარი თავი ჩემს რომელიმე ფოტოში აღმოაჩინა, აუცილებლად გავუგზავნი სურათს, მაგრამ, ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, რომ ქუჩაში ხალხს დავდევ და ელ-ფოსტას ვართმევ.
 
ნატურის მხრიდან პრეტენზიებზე არც კი ვფიქრობ. ინგლისში და ზოგადად, ევროპაში (პრობლემა მხოლოდ საფრანგეთია), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაფრის გადაღება შეიძლება.
 
ნურასოდეს აღიქვამთ ჩემს ფოტოგრაფიას, როგორც რეალობის ასახვას. ობიექტური რეალობა არ არსებობს. მე წმინდა fiction-ს ვაკეთებ; ჩემი ნამუშევრები სინამდვილის გაზვიადებაა.
 
უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. ზოგიერთი ფოტო ახლა რომ გადამეღო, დამიჭერდნენ. დღეს, სანაპიროზე გადასაღებად გასულ ფოტოგრაფს ცოტა თუ გაუგებს სწორად: პედოფილობას, ვუაიერისტობას, რა ვიცი, რას აღარ დაგაბრალებენ...
ვერც იმას გეტყვით, რა მიმდინარეობას მივსდევ, მხოლოდ ჩემი სტილი ვიცი, სხვანაირად ვერ ვაკეთებ.
 
საერთოდაც, კონცენტრაციის უნარი დიდად განვითარებული არ მაქვს. ჩემი საქმიანობაც და გართობაც ფოტოგრაფიაა. ხანდახან თეატრში მივდივარ. მაგრამ რასაც უნდა ვაკეთებდე, მაინც ფოტოგრაფად ვრჩები... მაპატიეთ, შეპყრობილი ვარ. თქვენი აზრით, თერაპია მჭირდება? 

კომენტარები