დანია ევროპულ პაქტს უერთდება

დანია მიუერთდება ევროკავშირის დავალიანების აღმოფხვრის ახალ ინიციატივას, ე.წ. ევროპაქტს, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა გასულ კვირას შეიმუშავეს. ევროპაქტი, იგივე ევროპული სტაბილურობის მექანიზმი, ფინანსური დახმარების მუდმივი ფონდია და ის 2013 წელს ამოქმედდება. მექანიზმი ექსკლუზიურად ევროზონის ქვეყნებისთვის არის შექმნილი და დანია ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა ევროზონის გარეთ, რომელიც ამ პაქტს შეუერთდა. პაქტს არ მიუერთდნენ გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

ევროპის სტაბილურობის მექანიზმის განკარგულებაში 700 მილიარდი ევრო იქნება და მისი გასესხების უნარიანობა 500 მილიარდით განისაზღვრა. ფონდში 80 მილიარდ ევროს ევროზონის ქვეყნები შეიტანენ. ამის შემდეგ ცალკეული ქვეყნების კონტრიბუცია სპეციალური ფორმულის საშუალებით დადგინდება. თუმცა წინასწარვე ცნობილია, რომ კონტრიბუციების ლომის წილი გერმანიაზე მოვა. გეგმის რატიფიკაცია ევროზონის ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში უნდა მოხდეს. ფინანსთა მინისტრებს არ უმსჯელიათ უკვე არსებული მექანიზმის, ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის მომავალზე. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მექანიზმი ძველ ფინანსურ ფონდს შეცვლის. 

2010 წელს ევროპაში მიმდინარე ფინანსური კრიზისების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა შექმნეს ფინანსური სტაბილურობის ფონდი და მას ჯერჯერობით ორი ბენეფიციარი ჰყავდა, ირლანდია და საბერძნეთი. თუმცა ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტებმა აჩვენა, რომ მომავალში მსგავსი დახმარება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებსაც (კანდიდატებს შორის არიან პორტუგალია და ესპანეთი) დასჭირდებათ. ასეთ ვითარებაში გადაწყდა მუდმივი ორგანოს, ევროპული სტაბილურობის მექანიზმის შექმნა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ დანია ზოგადად ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა, ამჯერად კოპენჰაგენმა გადაწყვიტა ევროზონის ახალ ინიციატივას შეერთებოდა. დანიელები ამ პაქტს ეჭვის თვალით უყურებენ და შიშობენ, რომ ეს მოქმედება შეიძლება ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანების წინაპირობა გახდეს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა პოლიტიკური გარანტიები წარმოადგინა და ოპოზიცია დაარწმუნა, რომ ქვეყანა ევროზე  გადასვლას არ აპირებს. ამ პირობის გარდა, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.
 
ევროპაქტთან შეერთების გამო დანიას გარკვეული ცვლილებების შემოღება მოუწევს. ინიციატივა ითვალისწინებს ხელფასების პროდუქტიულობასთან მიბმასა და საჯარო მომსახურებების შემცირებას, მთავრობას უზღუდავს სესხების აღებას. პაქტი ასევე ითვალისწინებს შრომაზე დაფუძნებული გადასახადების სისტემიდან მოხმარებაზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლას. ამან ქვეყნის ხარჯები უნდა შეამციროს და ევროზონის ქვეყნებს ბიუჯეტში დეფიციტის აღმოფხვრის საშუალება უნდა მისცეს. თუმცა ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები, რაც მთავრობებს ლავირების საშუალებას აძლევს. 
 
ევროპაქტთან დანიის მიერთება ქვეყანას საშუალებას მისცემს ევროზონის წევრების სამიტებს დაესწროს და ევროპის მომავალი მონეტარული პოლიტიკა განსაზღვროს. მიუხედავად რასმუსენის გარანტიებისა, დანიის ევროპაში გააქტიურება აჩენს ეჭვს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში დანიის უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. დანია, გარდა იმისა, რომ არ არის ევროზონის წევრი ქვეყანა, არ მონაწილეობს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკისა და მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების პოლიტიკის განსაზღვრაში. თუმცა თებერვალში რასმუსენმა განაცხადა, რომ აპირებდა რეფერენდუმის გამართვას, სადაც სამივე საკითხი იქნებოდა გატანილი. 

კომენტარები