სარაგბო გეგმები

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა რამდენიმე მთავარი თემით: ერთი კვირის წინ ინგლისიდან დაბრუნდა საქართველოს მომავლის ნაკრები, რომელმაც ბრიტანეთში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მაისის ბოლოს თბილისში უნდა ჩატარდეს 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფა და გასული კვირის ბოლოს გაიხსნა საშინაო სარაგბო სეზონი.

საუბარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ ინგლისური ამბების განხილვით დაიწყო: „დიდი ხანია, გვინდა ბრიტანული სარაგბო ბაზრის ათვისება და საფრანგეთისთვის ალტერნატივის გამოძებნა. ფრანგებმა საკუთარ ჩემპიონატებში, განსაკუთრებით დაბალ ლიგებში უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა დააწესეს. ეს კი უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენს მოთამაშეებს.

ბრიტანეთში ვიზიტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. უნდა გამოგვეცადა მომავლის ნაკრები, ის უახლოესი რეზერვი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა დაიკავოს ეროვნულ გუნდში ადგილი. ამასთან ერთად, ინგლისურ აკადემიებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გავმართეთ. გვინდა ქართველი ახალგაზრდა მორაგბეები სტაჟირებებზეც ჩადიოდნენ და კარგ განათლებასაც იღებდნენ. ასეთი ხალხი მომავალში ძალიან გამოადგება ქართულ სარაგბო თემს.

ტურნეს ორგანიზება ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, დონალდ კასკიმ გაუწია. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი კარგად იყო აწყობილი. მეც და მთლიანად გუნდიც კმაყოფილები ვართ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენიმე აკადემიასთან გავმართეთ მოლაპარაკებები. სავარაუდოდ მაისში, ალაფას მსვლელობისას, ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული აკადემიის რექტორი ჩამოვა საქართველოში და ხელშეკრულებაც ოფიციალურად გაფორმდება“.

უშუალოდ ნაკრების შესახებ ილაპარაკა მომავლის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა: „ინგლისში ის გუნდიც კი ვერ ჩავიყვანეთ მთლიანად, რომელიც თავიდან იყო განსაზღვრული. ეს არ იყო ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა და ამიტომ ყველა მოთამაშე არ გამოუშვა საკუთარმა გუნდმა. ამის მიუხედავად, ნაკრებმა კარგად ითამაშა და საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს მოუგო. დამიჯერეთ, ხელწამოსაკრავი გუნდი არც ბრიტანეთის არმიის ნაკრები იყო და არც კემბრიჯ-ოქსფორდის გაერთიანებული გუნდი. ჩვენი ამოცანა იყო გვეთამაშა იგივე რაგბი, რომელსაც ეროვნული გუნდი თამაშობს და გვენახა უახლოესი რეზერვი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისში იყვნენ ისეთი ბიჭები, რომლებსაც უკვე ამ მსოფლიო თასზე შეუძლიათ ნაკრების ღირსების დაცვა. ასეთი 5-6 მორაგბე მე ნამდვილად დავინახე.”

შემდეგ სიტყვა ისევ გია ნიჟარაძემ დაიბრუნა და საშინაო სარაგბო სეზონის დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება: „შაბათს თასის გათამაშებით გაიხსნა ახალი წელი ქართული კლუბებისათვის. გუნდებმა კარგი თამაში აჩვენეს და გამოჩნდა, რომ წლევანდელი ასპარეზობა დაძაბულობით ნამდვილად გამორჩეული იქნება.

ამჟამად მოლაპარაკებები მიდის ლიბერთი ბანკთან. სავარაუდოდ მალე დასრულდება ყველაფერი და ეს ბანკი გახდება საქართველოს თასის გათამაშების ოფიციალური სპონსორი“.

გია ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრები ძირითადად ავჭალისა და შევარდენის ხელოვნურსაფარიან მოედნებზე გაიმართება. ზოგიერთი თამაში კი დიდ დიღომში ვისოლის სტადიონზე ჩატარდება. ამის მიზეზი მოახლოებული 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბუნებრივი ბალახის საფარი მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში შეხვდეს ამ ტურნირს.

კომენტარები