რუსი ოლიგარქები BP და როსნეფტის ალიანსის წინააღმდეგ

როსნეფტთან BP-ს 16-მილიარდიანი გარიგება,  ისევ დაბლოკილია. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ, კომპანიებს შორის აქციების ურთიერთგაცვლასა და არქტიკაში სტრატეგიულ პარტნიორობაზე დროებითი აკრძალვა გაახანგრძლივა.

კონსორციუმმა Alfa-Access-Renova (AAR) სტოკჰოლმის ტრიბუნალს საჩივრით მიმართა. კონსორციუმი იმ რუსი მილიარდერების ინტერესებს იცავს, რომელთაც TNK-BP-ის აქციების ნახევარი ეკუთვნით. TNK-BP რუსეთში მესამე უდიდესი ნავთობკომპანიაა, რომელიც, ყოველდღიურად, 2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ამ კომპანიის 50%-ს BP ფლობს: 2003 წლიდან, დაბანდებული 8.5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, BP-მ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დივიდენდები მიიღო.

ბრიტანულ ნავთობგიგანტსა და მის რუს პარტნიორებს შორის გარჩევის საგანი BP-სა და  რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტს შორის  წარმოებული მოლაპარაკებები გახდა: იანვარში BP და როსნეფტი შეთანხმდნენ, ერთობლივად დაემუშავებინათ რუსეთის პოლარულ რიფებში არსებული ნავთობისა და გაზის პოტენციურად მდიდარი მარაგები.

TNK-BP-ის რუსი მეწილეების მტკიცებით, BP-მ დაარღვია მათთან დადებული ხელშეკრულების პირობა, როცა თავისი ბიზნესპარტნიორები, სხვა რუსული ნავთობგარიგების შესახებ, წინასწარ არ გააფრთხილა. რუსი მილიარდერები განსაკუთრებით გარიგების ერთმა ნაწილმა გააღიზიანა: სტრატეგიული ”გლობალური ალიანსი” ექსპერტიზის ურთიერთგაცვლასთან ერთად, BP-სა და როსნეფტს შორის წილების გაცვლასაც გულისხმობდა. გარიგების თანახმად, როსნეფტი BP-ს 5%-ს, BP კი – როსნეფტის 9.5%-ს მიიღებდა.

BP-სთვის კარის ზღვის სამხრეთ ნაწილიც ხელმისაწვდომი გახდებოდა – სულ 125 ათასი კვადრატული კილომეტრი, სადაც 60 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი უნდა იყოს. ეს მოცულობა მთელი ჩრდილოეთის ზღვის რეზერვების ტოლია.

BP-ს გარდა, როსნეფტთან არქტიკული ზონის ერთობლივ ათვისებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს BP-ს მთავარი კონკურენტი, Shell-იც, აწარმოებს. ამიტომ გაჭიანურებული სასამართლო პროცესის დასრულება ბრიტანული ნავთობკომპანიისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

როსნეფტთან წილების ურთიერთგაცვლის სანაცვლოდ BP მზადაა, კომპენსაციის სახით რუსი მილიარდერების ჯგუფს გადაუხადოს 9.3 მილიარდი ფუნტი (14.9 მილიარდი აშშ დოლარი) და TNK-BP პროექტში ჩართოს. თუმცა ბრიტანული ნავთობგიგანტის რუს ბიზნესპარტნიორებს BP-ის წილის გამოსყიდვა და როსნეფტთან გარიგების საკუთარი სახელით გაფორმება სურთ. ამ სცენარის მიხედვით, არქტიკულ რეგიონში ბრიტანულ ნავთობგიგანტს, TNK-BP სრულად ჩაანაცვლებს.

როსნეფტთან გარიგება BP-ს სასიცოცხლოდ სჭირდება. ამით ის ათწლეულების განმავლობაში სტაბილურ შემოსავალს გაინაღდებს და მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად დაკარგულ თანხას – 20 მილიარდ დოლარს რამდენიმე წელიწადში ამოიღებს.

გარიგება როსნეფტისთვისაც მნიშვნელოვანია. ის BP-ს 7.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების მფლობელი გახდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ როსნეფტის 75% რუსეთის ხელისუფლების ხელშია, გარიგება მით უფრო მიმზიდველია: რუსეთის ხელისუფლება მიიღებს იმ კომპანიის აქციების 5%-იან პაკეტს, რომელსაც მთელ მსოფლიოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.

კომენტარები