Microsoft-ი Google-ს ევროკომისიაში უჩივის

კომპანია Microsoft-ი კონკურენტი კომპანიის  - Google-ის წინააღმდეგ ევროკომისიაში ოფიციალური საჩივარის შეტანას აპირებს. Microsoft-ი Google-ს ინტერნეტ-საძიებლების ბაზარზე კონკურენტების შევიწროვებაში და ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.  Microsoft-ის მთავარი იურისტის, ბრედ სმიტის თქმით, Google-ი საძიებო სისტემას საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის იყენებს და Microsoft-ის პროდუქციის გამოყენების შესაძლებლობებს ზღუდავს.

„ჩვენი სარჩელი მიმართულია Google-ის ქმედებების წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც ეს კომპანია ცდილობს გაიმყაროს დომინანტური პოზიცია ონლაინ ძიებისა და რეკლამის ბაზრებზე და ამითი დაარღვიოს მომხმარებელთა უფლებები ევროპაში,“ წერს სმიტი თავის ბლოგზე.

BBC-ს ცნობით, Microsoft-ის იურისტი კონკურენტ კომპანიას ხუთი სახის დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის არის Microsoft-ის საძიებო სისტემის Bing-ისთვის Google-ის ვიდეო პორტალ Youtube-ზე კონტენტის ინდექსირების შესაძლებლობის შეზღუდვა, Windows-ის პლატფორმის სმარტფონებზე YouTube-ის გამართული მუშაობის დაბლოკვა და ისეთი პირობების შექმნა, როდესაც წამყვანი ვებ გვერდები იძულებული არიან თავიანთ საიტებზე Google-ის ლოგო განათავსონ.

2010 წლის ნოემბერში ევროკომისიამ კომპანია Google-ის ქმედებებში „არასამართლიანი კონკურენციის“ ნიშნები აღმოაჩინა და კომპანიის საქმიანობის ოფიციალური გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები