ნახატებით თხრობის ხელოვნება

გოეთეს ინსტიტუტში მოწყობილი ექსპოზიციის გახსნამდე 10 დღით ადრე, კომიქსების სამყაროში დიდი გარიგება შედგა. Comic Connect-ის ინტერნეტ-აუქციონის საშუალებით, 1,1 მილიონ დოლარად, კომიქსების კრებულის Amazing Fantasy-ს 1962 წლის აგვისტოს ნომერი გაიყიდა. ჟურნალი, რომლის გვერდებზე ადამიანი-ობობას სუპერგმირი პირველად გამოჩნდა, გამოსვლისას თითქმის ათ მილიონჯერ ნაკლები, სულ რაღაც 12 ცენტი ღირდა.   

თხრობის ამგვარი ტრადიცია სათავეს XVI-XVII საუკუნეებიდან იღებს, როდესაც ვალენსიასა და ბარსელონაში რელიგიური თემატიკის ნახატების გაყიდვა დაიწყო. ვრცელდებოდა “ალილუიები” – წმინდანების ცხოვრების ამსახველი სერიები ფერად ქაღალდზე შესრულებული მცირე ზომის გრავიურებით. მაგალითად, კლასიკური ესპანური “ალილუია” 48 ნახატს აერთიანებდა. ასეთი უჩვეულო ფორმით მოყოლილი ისტორიებით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ და კომიქსების შექმნის ხელოვნებაც თანდათან განვითარდა. 

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი ©
პირველი ამერიკული კომიქსი “დათვის ბელები და ვეფხვი” 1892 წელს ჟურნალ The San Francisco Examiner-ში დაიბეჭდა. მასკულტურის ერთ-ერთი პოპულარული ჟანრი გრაფიკული და ვიზუალური კომუნიკაციის გზებს დიდხანს ეძებდა და ოქროს ხანას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია. 1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენი, რომელიც კომიქსების მკითხველთა საყვარელი პერსონაჟი გახდა. 
ნახატებით თხრობის კულტურა საქართველოში არ განვითარებულა და დღეს სულ რამდენიმე ნიმუშის გახსენება თუ შეგვიძლია: „ბოცოსა და გვანცას თავგადასავლები” ანაც “ბოლოკა და ყვანჩალა”. 
 
გერმანიის შემთხვევაში კი, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამის დამადასტურებელია  ის გამოფენა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა. ექსპოზიციის სახელწოდებაა Comics, Manga & Co – Die neue deutsche Comic - Kultur. მის დათვალიერებას მსურველები 28 მარტამდე შეძლებენ.  
 
გამოფენის კურატორია მათიას შნაიდერი – მან საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გერმანული კომიქსების მხატვართა ორი თაობის ნამუშევრები ჩამოიტანა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ექსპონირებული კომიქსების ავტორთა ერთი ნაწილი ავანგარდისტია და გერმანიაში კომიქსების ჟანრის განვითარებაც მათი დამსახურებაა, თანამედროვე ტენდენციების შესახებ კი ახალი თაობის მხატვრები გვიყვებიან. მათი ხელწერა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა, როგორც თხრობის ფორმები, ასევე კომიქსების შესრულების ტექნიკა. გამოფენაზე ექსპონირებულია ავტობიოგრაფიულ-სიურრეალისტური, ისტორიული და ფანტასტიკის ჟანრში მოწოდებული ნიმუშები. განსაკუთრებით საინტერესოა კომიქსების სახით გადმოცემული რეპორტაჟები. მათი ავტორები იყენებენ როგორც კომპიუტერულ გრაფიკას, ასევე შაბლონს, ფანქარს, ტუშს, ნახშირს და სხვა საშუალებებს. 
თხრობის ამგვარი ტრადიცია სათავეს XVI-XVII საუკუნეებიდან იღებს, როდესაც ვალენსიასა და ბარსელონაში რელიგიური თემატიკის ნახატების გაყიდვა დაიწყო.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორ ვერნერ ვიოლის თქმით, გერმანიაში კომიქსებით დაინტერესება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ამერიკელებისთვის საყვარელი კომიქსების პერსონაჟები გერმანიაშიც გამოჩნდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გერმანელებმა საკუთარი ნამუშევრები  შექმნეს. მათი ავტორები არიან: არნე ბესტროფი, ანკე ფიონშტენბერგერი, მარტინ ტომ დიეკი, ფლექსი, რიანჰარდ კლაისტი, იზაბელ კრაიცი, მავილი, ქრისტინა პლაკა, ჰენინგ ვაგენბრეტი, იენს ჰარდერი, საშა ჰომერი, ლინე ჰოვენი და ულფ. კ.
ექსპოზიციის პარალელურად, დამთვალიერებელს ორგანიზატორებმა კომიქსების კატალოგიც შესთავაზეს. მასში შესულია ჟურნალისტ ანრეას პლატჰაუზის ესე, სახელწოდებით “გერმანული კომიქსები დაგვიბრუნდა”, სადაც ავტორი ქვეყანაში კომიქსების შექმნის ხელოვნების წარმოქმნის პირობებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. 
 
პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი ავტორი, საშა ჰომერი. მან, 22, 23 და 24 მარტს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კომიქსების შექმნის ხელოვნებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის ვორქშოფი ჩაატარა. 

კომენტარები