მუსლიმი ექსტრემისტები სამეფო ქორწილის ჩაშლით იმუქრებიან

მუსლიმი ექსტრემისტები უელსის პრინც უილიამის და მისი საცოლის, კეიტ მიდლტონის ქორწილის ჩაშლით იმუქრებიან. ბრიტანული პრესის ცნობით, ექსტრემისტთა ჯგუფმა, ”მუსლიმები ჯვაროსნების წინააღმდეგ” განაცხადა, რომ ”დღე, რომელზეც მთელი ერი ოცნებობს, კოშმარად უნდა იქცეს.” თავის ვებ გვერდზე ჯგუფის წევრებმა პრინც ჰარის ის სკანდალურად ცნობილი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც პრინცი ერთ-ერთი წვეულების დროს ნაცისტური სამკლაურით არის აღბეჭდილი. ფოტოს წარწერა აქვს: ”უილიამის მეჯვარე ნაცისტია.” მემარჯვენე დაჯგუფებამ, ”ინგლისის დაცვის ლიგამ”მუსლიმი ექსტრემისტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ლიგა ქორწილის ჩაშლას არ დაუშვებს.

სამეფო ქორწილის ჩაშლით იანვარში ბრიტანელი ანარქისტებიც დაიმუქრნენ. ბრიტანული ტაბლოიდის, სანის ცნობით, გაზეთის კორესპონდენტმა მანჩესტერში ანარქისტების საიდუმლო შეკრებაზე დასწრება და ინფორმაციის მოპოვება შეძლო. გაზეთის ინფორმაციით, სამეფო ქორწილის ჩაშლის იდეის ავტორი ბრიტანელი ანარქისტი, კრის ნაიტია. მან ქორწილის დღეს გასამართი საპროტესტო ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. სამეფო ქორწილი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება. ბრიტანული პოლიცია აცხადებს, რომ ქორწილის ჩაშლის  ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. 

კომენტარები