მოსკოვი და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება გაგრის რაიონს ”ვერ იყოფენ”

დღეს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო კომისიისა და რუსეთის ფედერაციის კომისიის ორმხრივი სხდომა დაიწყო აფხაზეთ-რუსეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ. აფხაზური და რუსული მედიის ცნობით, რუსეთი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის 160 კვადარტულ კილომეტრ ტერიტორიას ითხოვს, რაც აფხაზეთის ტერიტორიის 2 პროცენტს შეადგენს. მედიის ცნობით, სოხუმი რუსეთის მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საინფორმაციო სააგენტო ”როსბლატის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამეტის ვიცე სპიკერმა, ირინა აგრბამ განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის მიუღებელია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის რუსული ვარიანტი. მისი თქმით, ”საზღვარი” იქ უნდა გაივლოს სადაც ის აქამდე იყო.

აფხაზი ჟურნალისტის და ბლოგერის, ინალ ხაშიგის თქმით, აფხაზური ე.წ. სახელმწიფო კომისიის თავჯდომარე, ვალერი კავარჩია სოხუმიდან შემდეგი სიტყვებით გააცილეს: ”თუ აფხაზური მიწის ერთ კვადრატულ მეტრს მაინც დათმობ, აქ აღარ დაბრუნდე!” ხაშიგი აღნიშავს, რომ რუსეთმა გაგრის რაიონის ტერიტორიის ნაწილი მხოლოდ იმისთვის მოითხოვა, რომ ამ ვაჭრობაში აფხაზეთს სოფელ აიგბეს ნახევარი წაართვას, რომელსაც უკვე ”რამდენიმე წელია თვალი დაადგა”.

სოფელი აიბგე მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზეა განლაგებული. სოფლის ერთი ნახევარი რუსეთის ტერიტორიაა და სოჭის რიონში შედის, მდინარის მეორე ნაპირზე განლაგებული ნახევარი კი აფხაზეთის ტერიტორიაა. 90-იან წლებში რუსეთსა და საქართველოს შორის გამართული დემარკაცია- დელიმიტაციის პროცესზე დადგინდა, რომ საზღვარი ორ ქვეყანას შორის მდინარე ფსოუზე გადიოდა. აფხაზი ჟურნალისტების თქმით, ”ახალი რეალობის გათვალისწინებით,” რუსეთს ამ შეთანხმების გადახედვა სურს.  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიუხედვად განცხადებებისა, აფხაზეთში არ არსებობს ძალა, რომელიც რუსეთის  გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. რუსეთის მხრიდან მსგავსი მასშტაბის ტერიტორიულ პრეტენზიებს ვერ იხსენებს საქართველოს ყოფილი საგარო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარაშვილი, რომელიც 90-იან წლებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაციის საკითხზე მუშაობდა.

გუშინ რუსულ-აფხაზური კომისიების მუშაობის დაწყებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი. ”არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი, რომლის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი გადაწყვეტას არ საჭიროებს,” აღნიშნა მან ”საზღვარი ძალიან მკაფიოდ არის გაყოფილი - როგორც დემარკირებული, ასევე დელიმიტირებული - და საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, შეიქმნას ფორმალური, მაგრამ არალეგალური კომისია, რომელიც რაიმე ფორმით სხვა სახის გადაწყვეტილების მიღებას ეცდება, იქნება უკანონო და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება არლეგიტიმური,” დასძინა მან. 

კომენტარები